მერაბ მეტრეველის ბლოგი
ერთ-ერთ წინა ბლოგში შემოგთავაზეთ გეპოვათ ათი განსხვავება “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, რადგან მე ვფიქრობ, რომ მათ შორის მსგავსება გაცილებით მეტია.
დღემდე შემორჩენილი მცირეოდენი განსხვავებებიდან ერთ-ერთი მალე აღარ იარსებებს. “ოცნება” აპირებს თავის მიერვე გატარებული თვითმმართველობის რეფორმა გააუქმოს. მოგეხსენებათ, “ნაციონალური მოძრაობის” დროს პირდაპირი წესით მხოლოდ თბილისის მერი ირჩეოდა, ხოლო რამდენიმე ქალაქს მერი საერთოდ არ ჰყავდა და ქალაქსაც იმ რაიონის გამგებელი მართავდა. “ოცნებამ” თქვა: ეს რა დემოკრატიაა, თუ თბილისელებს ვანდობთ საკუთარი ქალაქის თავის არჩევას, თელაველებმა ან ზუგდიდელებმა რა დააშავესო და დამატებით შვიდ ქალაქს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი მიანიჭა.
დღეს კი მორიგი არჩევნების წინ აღმოაჩინეს, რომ რეფორმამ არ გაამართლა და თურმე ისე სჯობდა, როგორც “ნაციონალების” დროს იყო. ასეთ ამბებს რომ ვისმენ, სულ გოგა ხაჩიძის ძველი ხუმრობა მახსენდება: თუ მარტო სიფათზე არ მოგწონდით, გეთქვათ და ჩვენით წავიდოდით, აბა, სხვას ყველაფერს ჩვენნაირად აკეთებთო.
დღეს “ოცნება” ამბობს, თელავს და თელავის მუნიციპალიტეტს ცალკე საკრებულო, ცალკე ქალაქის მერი და ცალკე რაიონის გამგებელი რად უნდა, ზედმეტი ხარჯიაო.
მაგალითად: მერებიც და გამგებლებიც მაინც ძირითადად ცენტრიდან წამოსული ტრანსფერების იმედად დატოვეს, ანუ შენს ქალაქში ვერაფერს გააკეთებ თუ ცენტრიდან ფული არ მოგცეს. ხალხის მიერ არჩეული კი ხარ, მაგრამ ისევ ცენტრზე ხარ დამოკიდებული. პლუს, თუ პარტიულ ბოსებს აღარ მოეწონე, ისე გადაგაყენებენ, ვითომც ხალხს არ აურჩევიხარ, რადგან საკრებულოებს ხალხის მიერ არჩეული მერის და გამგებლის ხმათა ორი მესამედით გადარჩევის უფლება დაუტოვეს. ყველაფერს ჩვენი, ამომრჩევლის უგერგილობაც ემატება.ყველგან, რაიონში თუ ქალაქში ხალხი ხმას კონკრეტულ პიროვნებას კი არა, მის წარმდგენ პარტიას აძლევს. შედეგად ყველა მერმა და გამგებელმა იცის, რომ ამ თანამდებობაზე იმის გამო კი არ მოხვდა, რომ კარგი ტიპია და ხალხს უყვარს, არამედ იმიტომ, რომ პარტიულმა ბოსებმა ის შეარჩიეს მერობის, თუ გამგებლობის კანდიდატად.
მეტი თვითმმართველი ერთეულის იდეა რა იყო? რაც მეტი იქნებოდა ხალხის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, მით მეტი იქნებოდა ანგარიშვალდებულება ხალხთან და არა დამნიშნავთან, მგრამ შედეგად რა მივიღეთ?
ხალხის მიერ არჩეული ყველა მერი და გამგებელი მაინც მამა-მარჩენალს შესციცინებს პირში და იმასაც კი ვერ აპროტესტებს, რომ მის ქალაქს თვითმმართველი ერთეულის სტატუსს ართმევენ. მართალია “ოცნება” – ასეთი არჩეული მერი, გინდ გყოლია, გინდ – არა! ჰოდა, მარტო იმას კი არ ვემხრობი, რომ ამ შვიდ ქალაქს გააუქმდეს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი და მერი აღარ ჰყავდეს, არამედ რაიონების გამგებლებიც ისევ საკრებულომ აირჩიოს, როგორც “ნაციონალების” დროს იყო. ასევე თბილისშიც უნდა დავუბრუნდეთ 2010 წლამდე პერიოდს, როცა აქაც მერს საკრებულო ირჩევდა. რა, განა, თბილისილებმა აირჩიეს მერი პიროვნული თვისებების მიხედვით?! მათაც ხომ ხმა იმის მიხედვით მისცეს, ვისი წარდგენილი იყო. თბილისში საერთოდ საოცრება მოხდა: გაიმარჯვა იმ კანდიდატმა, რომელიც ქალაქში არავის მოსწონდა. რატომ? იმიტომ რომ მმართველი პარტიის კანდიდატი იყო! იგივე არ ხდება მაჟორიტარულ არჩევნებზე? მაგალითად, საბურთალოზე დავით უსუფაშვილზე მეტი ხმა აიღო, როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა, ისე სევდია უგრეხელიძემ. არც ლევანს ვერჩი რამეს და არც ქალბატონ სევდიას, მაგრამ მათ უსუფაშვილს რეალურად იმიტომ აჯობეს, რომ ერთი “ოცნების” კანდიდატი იყო და მეორე – “ნაციონალების”. ჰოდა, თუ მაინც პარტიული ნიშნით ვაძლევთ ხმას და ჩვენს მიერ მხარდაჭერილმა პარტიამ იატაკის ჯოხიც რომ დაასახელოს, მაინც იმას ავირჩევთ, რაღა აზრი აქვს, ან მერის ან გამგებლის, ან თუნდაც პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებს! ავირჩიოთ ერთი პარტია და მერე მას ვანდოთ ყველა თანამდებობის პირის დანიშვნა! ძირს ხალხის მიერ არჩეული მერი და გამგებელი! პრეზიდენტიც!