”ქართული ოცნების” დეპუტატის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, 2014 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგად დაყოფილი თვითმმართველობების კვლავ გაერთიანების ინიციატივას სერიოზული დასაბუთება სჭირდება.
როგორც ქუცნაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ლეგიტიმურია სურვილი შემცირდეს მართვის ხარჯები, რაზეც რეგიონალური განვითარების სამინისტრო საუბრობს, მაგრამ უნდა დასაბუთდეს, რამდენად ვალიდური და ადეკვატურია ეს იმ მიზნებთან, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დროს იყო დასახული.
”როდესაც ჩვენ ქალაქები გამოვყავით და თვითმმართველ დასახლებულ პუნქტებად ვაქციეთ, მაშინ რამდენიმე მიზნის მიღწევისთვის ვხელმძღვანელობდით. ჩვენ დავისახეთ მიზნად, მიგვეღწია სოფლებისა და ქალაქების განვითარებაში ბალანსისათვის, რადგან როცა ქალაქი და სოფლები გაერთიანებულია, ხშირ შემთხვევაში ბიუჯეტის განაწილებისას უპირატესობას ქალაქის პრობლემებს ანიჭებენ და სოფლის პრობლემები გვერდზე რჩება. ამიტომ ქალაქების გამოყოფისას მიზანი იყო, უფრო მეტი ფული დარჩენოდა სოფლებს და ის სოფლების განვითარებისათვის დახარჯულიყო. მეორე მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ თვითმმართველობები მეტ-ნაკლებად თანაბარი რაოდენობის დასახლებულ პუნქტებად ქცეულიყო. კიდევ ერთი მიზანი დემოკრატიის განვითარებისათვის ხელის შეწყობაში მდგომარეობდა, რაც უფრო მეტი არჩევითი თანამდებობის შემოღებაში გამოიხატებოდა. არის თუ არა მიწეული ეს მიზნები, ტენდენციის დასანახად საკმარისია ვთქვათ, რა ფული იხარჯებოდა მაგალითად, ზუგდიდის ან გორის სოფლებში და რა ფული იხარჯება ქალაქ ზუგდიდსა ან ქალაქ გორში. ლეგიტიმურია სურვილი შემცირდეს მართვის ხარჯები, რაზეც სამინისტრო საუბრობს, მაგრამ უნდა დასაბუთდეს, რამდენად ვალიდური და ადეკვატურია იმ მიზნებთან, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დროს იყოს დასახული – იაფი მართლმსაჯულება სამართლიან მართმსაჯულებას არ ნიშნავს, ისევე როგორც, იაფი თვითმმართველობა თვითმმართველობას არ ნიშნავს – სხვა საზომით იზომება თვითმმართველობა და სხვა საზომით იზომება მართლმსაჯულება. ამიტომ ეს არგუმენტი საკმარისი არ არის. პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, მიღწეულია არის თუ არა მიზნები, რაც დავისახეთ და გვაქვს თუ არა ამ მიმართულებით გაუმჯობესება”, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ზაქარია ქუცნაშვილმა.
2014 წელს პარლამენტის მიერ მიღებული “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ გარდამავალი დებულებების გათვალისწინებით, განისაზღვრა შვიდი თვითმმართველი ქალაქი: თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე. განხორციელდა მათი ტერიტორიული ოპტიმიზაცია ქალაქის დანარჩენი ტერიტორიიდან გამოყოფით, ხოლო დარჩენილი ტერიტორია ერთ მუნიციპალიტეტად გაერთიანდა. მაგალითად, შეიქმნა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი და თელავის მუნიციპალიტეტი, რომელიც ქალაქის გარდა ტერიტორიებს მოიცავს. მაშინ “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამბობდა, რომ აღნიშნული შვიდი ქალაქის გამოყოფა მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდებოდა, თუმცა დღეს საუბარია თვითმმართველი ქალაქების შემცირებასა და გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე.
წყარო: ინტერპრესნიუსი