28 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში – საცხენისში, ახალსოფელში, ნორიოში, კრწანისში, ზემო და ქვემო თელეთში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გარდაბნის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 787 500 ლარია გამოყოფილი. წინადადებების მიღება 14 აპრილს დაიწყება და 19 აპრილს დასრულდება.
ასევე, 28 მარტს გამოცხადდა ტენდერი ქალაქ გარდაბნის პირველ, მე-2, მე-3 მე-4 და მე-5 საბავშვო ბაღების, სოფელ მზიანეთსა და სოფელ ლემშვანიერას პირველ და მე-2 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად. წინადადებების მიღება 18 აპრილს დაიწყება და 23 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 999 300 ლარი იქნება.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს სამუშაოების დასასრულებლად ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღიანი ვადა აქვთ.