ბათუმის საკრებულოში გამართულ საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს. ინფორმაციას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.
კომისიის წევრებმა რიგგარეშე სხდომაზე მოიწონეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის სულიკო თებიძის ინიციატივით წარმოდგენილ საკრებულოს განკარგულების პროექტს, რომლის თანახმადაც ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული M3 კატეგორიის აავტობუსებით მგზავრთა ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დამატებით შეღავათებით ისარგებლებენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და ავტორიზებული კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირის თანამშროლები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში და რომელთა შრომის ანაზღაურება (სარგო) თვეში არ აღემატება 625 ლარს. აღნიშნული შეღავათით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაახლოებით 700-მდე თანამშრომელი ისარგებლებს.
კომისიის წევრებმა ბათუმის ავტობუსების პროექტთან დაკავშირებით საგრანტო ხელშეკრულების თაობაზე წარმოდგენილ განკარგულების პროექტზეც იმსჯელეს.
განკარგულების პროექტი ბათუმის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ კორპორატიული განვითარების პროგრამის და საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმის მომზადებისა და გახორციელების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან (EBRD) გრანტის სახით 209,950 ევროს მიღებას ითვალისწინებს.
ბათუმის ავტობუსების პროექტი მიზნად ისახავს ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკის განახლებას – შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ ეკოლოგიურად სუფთა და ადაპტირებული ავტობუსების შეძენას. განკარგულების პროექტი მინიმუმ 10 ელექტრო და 40 ახალი ევრო 5 სტანდარტის ავტობუსის შეძენას ითვალისწიინებს.
ბათუმის საკრებულოს მიერ განკარგულების პროექტის მიღების შემთხვევაში, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი, უფლებამოსილი იქნება ხელი მოაწეროს საგრანტო ხელშეკრულებას განკარგულების პროექტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში.
ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ბათუმის 2018 წლის ბიუჯეტი 437,200 ათასი ლარით იზრდება და საერთო ჯამში 161,150,000 ლარს შეადგენს.
კომისიის წევრებმა წარმოდგენილი საკითხების საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს.