პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ მთავრობას და პრემიერ-მინისტრს მთის კანონის ეფექტურად აღსრულებისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ზაზა გაბუნიას თქმით, რეგიონული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ფონდის რესურსის კონკრეტული კომპონენტების დასაფინანსებლად მიმართვა. მისი თქმით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარიდან 10 მილიონი რეგიონებში მნიშვნელოვანი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად მიიმართება, 3 მილიონი ლარი გამოიყოფა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამისთვის „დანერგე მომავალი“ – მაღალმთიან დასახლებებში კენკროვანი კულტურების გაშენებისთვის, 7 მილიონი ლარი კი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით შექმნილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების პროგრამისათვის.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის ნორმების პრაქტიკაში რეალიზებით, მთავრობა ახდენს მთაში ცხოვრების და საქმიანობის წახალისებას არამარტო მთის მოსახლეობისთვის, არამედ ბარში მცხოვრებთათვისაც.