ქობულეთის მუნიციპალიტეტში გელაურის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა გრძელდება. ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
ინფარსტრუქტურული პროექტის ფარგლებში აჭარის, თხილაიშვილისა და წერეთლის ქუჩებზე მოეწყობა სანიაღვრე არხები, ბორდიურები, ტროტუარებსა და გზის სავალ ნაწილზე დაიგება დეკორატიული ფილები. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.
აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 770 077 ლარი დაიხარჯება.
„გელაურში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის შემდგომი განვითარებისათვის. დასახლებაში ათწლეულების მანძილზე ინფრასტრუქტურა არ არსებობდა. მოუწესრიგებელი ქუჩები გარდა იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, ასევე აფერხებდა დასახლების ეკონომიკურ განვითარებას. უბნის სარეაბილიტაციო პროექტის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება განხორციელდეს სხვადასხვა სახის ინვესტიციები, რაც ხელს შეუწყობს როგორც უბნის განვითარებას, ასევე დამატებითი სამუშაო ადგილების წარმოქმნას. გელაურის უბნის მოწესრიგება სამომავლოდაც გაგრძელდება“ – აღნიშნა ქობულეთის მერმა.
გელაურის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია ეტაპობრივად მიმდინარეობს. გასულ წლებში დასახლებაში მოეწყო მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, ასევე ახალი საკანალიზაციო სისტემით 500 ოჯახი სარგებლობს.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პოპოვის, ვაჟა-ფშაველასა და პუშკინის ქუჩებს, ასევე მოეწყო მინი სპორტული მოედანი.