ბათუმის მერიამ ამ დრომდე ვერ შეარჩია კვალიფიციური კომპანია, რომელიც ”იაფ სახლს” ააშენებს. უკვე მეხუთე წელია, თვითმმართველობის ბიუჯეტში თანხა გამოყოფილია, თუმცა იდეის განხორციელება ამ დრომდე ვერ შეძლეს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
ქვეპროგრამის – “იაფი სახლის” ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაშიც საუბრობს.
ამასთან, ბათუმის მერიის მიერ “იაფი სახლის” ასაშენებლად გამოცხადებულ ბოლო ტენდერში შპს “მომავლის ხედვამ” მიიღო მონაწილეობა, თუმცა, მერიის სატენდერო კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა. კომისიის წევრების განმარტებით, წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სატენდერო პირობებს არ შეესაბამებოდა.
კომპანიამ ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ”იაფი სახლის” ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი 2 მილიონ 181 ათას 664 ლარი დააფიქსირა. კომპანია კომისიის გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს.
ბათუმის მუნიციპალიტეტმა ”იაფი სახლის” მშენებლობაზე ტენდერი, წელს მეორედ, 16 თებერვალს გამოაცხადა. მერიას მშენებლობისთვის თითქმის სამასი ათასი ლარით მეტი ჰქონდა გათვალისწინებული.
ხელმისაწვდომი საცხოვრისის მშენებლობისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2 წლის წინაც გამოვლინდა, მაშინ თვითმმართველობამ კომპანია ”კონვერტ ჯორჯიას” მილიონ 600 000 ავანსის სახით გადაურიცხა, რის შემდეგაც კომპანია გაუჩინარდა.
პროექტის ფარგლებში, ორი ხუთსართულიანი სახლი, ჯავახიშვილის N78-ის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა აშენდეს. ”იაფი სახლის” მშენებლობა ქალაქის მერიამ 2014 წელს დაგეგმა.