თბილისის სატრანსპორტო კომპანია 10 ერთეული ევაკუატორის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. კომპანიის ინფორმაციით, ევაკუატორების შესყიდვამდე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რომლითაც თბილისში პარკირები უნდა მოწესრიგდეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
„ჩვენ გამოვაცხადებთ ტენდერს 10 ევაკუატორის შესყიდვაზე, რაც პარკირების მომსახურებისთვის გვჭირდება. მანამ, ვიდრე ტენდერი გამოცხადდება და მანქანებს შევიძენთ, ვისარგებლებთ საიჯარო მომსახურებით, ანუ ვიქირავებთ შესაბამისი რაოდენობის მანქანებს, რაც მუშაობის უზრუნველყოფისთვის გვჭირდება. კონკრეტულად რომელ ფირმებთან დავდებთ ხელშეკრულებას ქირავნობაზე, ჯერჯერობით არ ვიცით. მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან, ასევე ვმუშაობთ ხელშეკრულების პირობებზეც, რა ფასებში მოხდება საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება“, – განაცხადეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. ამასთან, ტენდერი დაახლოებით 1 თვეში დასრულდება.
21 მარტს სიტი პარკმა ხელშეკრულების გაწყვეტის გადავადებაზე თბილისის მერიაში, კახა კალაძის სახელზე განაცხადი შეიტანა. იმავე დღეს მერმა თქვა, რომ ხელშეკრულება არ გადავადდება. ამასთან ცნობილია, რომ მერია პირგასამტეხლოს გადახდას არ აპირებს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სიტი პარკთან” კონტრაქტს წყვეტს. კომპანიასა და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.