ქუთაისის სოციალური საცხოვრისის პრობლემებს სპეციალური კომისია შეისწავლის. ინფორმაციას ადგილობრივი თვითმართველობის საბინაო სამსახურში დაადასტურეს. ამის შესახებ “ქუთაისი პოსტი” წერს.
როგორც სამსახურის უფროსი ამბობს, კომპანიამ, რომელმაც სოციალური საცხოვრისი მოაწყო ბევრი შეცდომა დაუშვა რის გამოც შენობა უკვე ავარიულია და მათი გამოსწორება სასწრაფოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა საცხოვრებელში შესახლებულ 70 მდე ოჯახის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.
“შენობაში წყლის შეჟონვა ხდება, რის გამოც კედლები ზიანდება, ასევე ლიფტის შახტა არ არის მონოლითური კარკასით შეკრული, რაც ასევე საფრთხის შემცველია, ფანჯრები კი ისეთ სიმაღლეზეა დამონტაჟებული, მისით მოსახლეობა ვერ სარგებლობს, მთელი პრობლემების კასკადია, რაც დროულად გამოსასწორებელია,” – ამბობს მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე.
ყველა ჩამოთვლილი პრობლემების გამო, ქუთაისის მერიაში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც კონკრეტული სპეციალისტებით დაკომპლექტდება.
სოციალური საცხოვრისი ქუთაისში, რომელიც ერთი წლის წინ შევიდა ექსპლუატაციაში, ავარიულ მდგომარეობაშია. ადგილობრივების თქმით, ობიექტის მდგრადობის დასაგენად ექსპერტიზას მიმართავენ.
ქუთაისის მერიამ ქალაქში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი 2016 წლს გამოაცხადა. კონკურსის შედეგად ნიკეას ქუჩაზე, კავშირგაბმულობის
ყოფილი შენობის რეაბილიტცია შპს ” სანოს” დაევალა. კომპანიას ქუთაისის მერიამ პირველ ეტაპზე 1 მილიონი ლარი გადაუხადა, 2017 წლის ბიუჯეტში კი დამატებით 1 500 000 ლარის გაითვალისწინეს. ჯამში, სოციალური საცხოვრისის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა.