თელავის მერის განცხადებით, 2018 წელს თელავის მუნიციპალიტეტში ოცდაათამდე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.
,,წელს 6 სოფელში ვაპირებთ შიდა საუბნო გზის მოასფალტებას, რომლის საერთო ღირებულებაა 1 მილიონ 930 000 ლარი. 2 სოფელში გათვალისწინებულია ცენტრალური გზის მოასფალტება, რომელზეც 600 000 ლარი დაიხარჯება, 6 სოფელში სასმელი წყლის შიდა საუბნო ქსელების და ცენტრალური რეზერვუარის რეაბილიტაცია, რომლის განსახორციელებლად 1 მილიონ 251 050 ლარია გამოყოფილი. სოფელ ყარაჯალაში იგეგმება ჭაბურღილის მოწყობა, რომელიც 60 000 ლარი დაჯდება, სოფელ ნასამხრალში კი – ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია, რომლის საერთო ღირებულება 233 000 ლარია. გარდა ამისა, წელს ქალაქ თელავში დაგეგმილია 10 ქუჩის რეაბილიტაცია, რომელზეც დაიხარჯება 3 მილიონ 362 783 ლარი’’- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.