ახალციხის სასამართლომ, მოპასუხე მხარის თხოვნით, გადადო სხდომა, რომელზეც უნდა განეხილა ‘ოცნების’ წევრების სარჩელი ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ. “ქართული ოცნების” წევრები ოპოზიციონერი დეპუტატების იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც, მათ საკრებულოში ორი ფრაქციის ჩამოყალიბების უფლება არ მიეცათ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
მოპასუხე მხარემ სხდომის გადადების თხოვნა ერთ-ერთი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობით ახსნა, რაც მოსარჩელეებმა საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობად შეაფასეს. ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი გიორგი გიუაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შუამდგომლობის დაყენების მიზეზი გახდა, სხდომას არ დასწრებია.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექვსმა დეპუტატმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი 19 თებერვალს შეიტანა. სასამართლოში ის დეპუტატები დავობენ, რომლებსაც საკრებულოში ორი ფრაქციის „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება – მრეწველების“ შექმნაზე საკრებულომ უარი უთხრა .