ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზის მშენებლობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2019 წელს დაიწყებს. გზის სიგრძე 16 კილომეტრია და გვერდს აუვლის სოფლებს ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგას, ვაქირს, მაშნაარს, საქობოს და წნორს. ინფორმაციას “რეგინფო” ავრცელებს.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული დასახლებების შემოვლითი გზის პროექტი 1980-იანი წლების ბოლოს მომზადდა და ნაწილობრივ განხორციელდა, თუმცა მიწის ვაკისი და ნაგებობები სერიოზულად დაზიანებულია. ტრასა გადის გურჯაანი-წნორის გაუქმებული სარკინიგზო ხაზის პარალელურად.
დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განცხადებით, ბაკურციხე-წნორის არსებული გზა ვერ აკმაყოფილებს პარამეტრებს და არ არსებობს მისი გაუმჯობესების შესაძლებლობა სახლების, დამხმარე ნაგებობების, მიწის ნაკვეთების და ა.შ. არსებითი დემონტაჟის გარეშე.
ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზა თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზის ნაწილი იქნება. ბაკურციხე-წნორის შემოსავლელი გზა ბაკურციხე-გურჯაანი-თელავის ახალ გზასაც შეუერთდება.