ჭუბერის თემის მცხოვრებლები ნენსკრაჰესის მშენებლობის გამო კომპენსაციებს ითხოვენ

893

მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის თემის, მაშრიჭალას უბნის მცხოვრებლები ნენსკრაჰესის მშენებლობის გამო ფულად კომპენსაციას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ აქციაც გამართეს. ისინი არ ეწინააღმდეგებიან ჰესის მშენებლობას, თუმცა ამბობენ, რომ ტერიტორია სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს მათი წინაპრების საკუთრებაა. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ჭუბერის თემში ნინო ვიბლიანმა თქვა, რომ მსგავსი მოთხოვნით მაშრიჭალელებს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მანამდე არ მიუმართავთ. მისი თქმით, თუკი იქნება მომართვა მათი მხრიდან, საკითხს აუცილებლად განიხილავენ.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) „ნენსკრაჰესის“ დაფინანსების გადაწყვეტილება თებერვლის დასაწყისში დაადასტურა. საქართველოში დაგეგმილი პროექტისთვის 127 მილიონი ევროს სესხის გამოყოფა იგეგმება. 2017 წლის 29 ნოემბერს თბილისში გამართული აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ნენკრაჰესის გენერალური დირექტორის მოადგილემ ტაეკვონ სიომ ფორუმის მონაწილეებს პროექტის შესახებ ინფორმაცია გააცნო. მისი თქმით, 2018 წელს პროექტის ფინანსური სამუშაოები დასრულდება, ჰესის ნაწილობრივი გენერირება 2021 წელს დაიწყება, ხოლო სრული ამოქმედება – 2023 წელს იგეგმება. ამასთან, ტაეკვონ სიომ თქვა, რომ 3000-ზე მეტი მუშახელი დასაქმდება.