კერძო საკუთრებაში არსებული შენობების უმრავლესობა დღემდე ბათუმის მერიის ბალანსზეა

866

 

წინა სტატია

ბათუმის მერიის ბალანსზე არსებული საცხოვრებელი შენობების უმრავლესობა კერძო საკუთრებაა, თუმცა, მერიას ის საკუთარ ბალანსზე ჰყავს აყვანილი, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია.

უწყების ცნობით, მერიის ბალანსზე ირიცხება 701 ერთეული საცხოვრებელი შენობა, თუმცა, შერჩევითი გადამოწმებით დადასტურდა, რომ საცხოვრებელი შენობების უმრავლესობა (მაგალითად, ერას ქ. N39, ერას ქ. N44, ერას ქ. N54/62, ერას ქ. N66/68, ჭავჭავაძის ქ. N52, ხიმშიაშვილის ქ. N8, ფიროსმანის N3 მდებარე საცხოვრებელი შენობები) კერძო საკუთრებაში ან მფლობელობაშია და მერიის საკუთრებას არ წარმოადგენს.

ანალოგიური ვითარებაა არასაცხოვრებელ შენობებთან დაკავშირებითაც. აუდიტის სამსახური წერს, რომ შემოწმებული ქონების ნაწილი, მაგალითად, ჭადრაკის სასახლე, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა – თერთმეტწლედის შენობა, ოთხი სხვა შენობა-ნაგებობა პრივატიზებულია ან/და უზუფრუქტით მესამე პირებზეა გადაცემული. ამიტომაც, მათი მერიის ბალანსზე ყოფნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

“მერიის ბალანსზე ირიცხება, ასევე, ისეთი ძირითადი აქტივები, როგორიცაა: ქუჩები, განათება, ხიდები, გაყვანილობების სისტემები და სხვა ნაგებობები ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 68,145,814 ლარი, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რა დაფინანსებაც მერიის მიერ გაწეულ იქნა უკანასკნელი წლების განმავლობაში. მერიის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ქონების დანარჩენი ნაწილი კი არ არის აღრიცხული საბუღალტრო მონაცემებში”, – წერია დასკვნაში.

ანალოგიური პრობლემებია მერიის ბალანსზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზეც. აუდიტის სამსახური წერს, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 14 მიწის ნაკვეთიდან 12  პრივატიზებულია ან/და გადაცემულია სხვა იურიდიულ პირებზე.

ასეთია ბულვარის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი (ს.კ. 05.24.02.086), კაფე-ბარ N8-ზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი (ს.კ. 05.22.01.006), ფოტოატელიეზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი (ს.კ. 05.22.01.002), კაფე-ბარ N17-ზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი (ს.კ. 05.23.03.007), რომლებიც სსიპ “ბათუმის ბულვარზეა” გადაცემული, ისევე, როგორც ხელვაჩაურში არსებული სალიბაურის რეზერვუარები, რომელიც “ბათუმის წყალზეა” გადაცემული, ხოლო კაფე-ბარ N3-ზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი (ს.კ. 05.23.02.005) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

რაც შეეხება კაფე-ბარ N4-ზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთსა (ს.კ. 05.22.01.035) და კაფე-ბარ N5-ზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთს (ს.კ. 05.21.02.014), ისინი იჯარითაა გაცემული. ხოლო ბათუმი, ხახულის ქ. N4-ში არსებული უნივერმაღის მიწის ნაკვეთი, გოგებაშვილის N48-ში, ხახულის ქ. N4-სა და ოძელაშვილის ქ. N20-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები პრივატიზებულია.

აუდიტის სამსახურმა პრობლემები “დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების” მუხლშიც აღმოაჩინა. როგორც უწყება წერს, საბუღალტრო მონაცემებით, დაუმთავრებელ ძირითად აქტივად აღრიცხული ქონების ნაწილის მერიის ქონებად აღრიცხვის სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

მაგალითად, მერიის ბალანსზე დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების ანგარიშზე ირიცხება ადლიის საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები, ღირებულებით 45,941,305 ლარი, თუმცა, ეს აქტივები, საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 20 სექტემბრის ბრძანებით, კაპიტალში შენატანის სახით, შპს „ბათუმის წყალისთვის“ არის გადაცემული. “შესაბამისად, აქტივები უნდა მოიხსნას დაუმთავრებელი ძირითადი აქტივის ანგარიშიდან, დაფიქსირდეს, როგორც ორგანიზაციის ფინანსური აქტივი და აისახოს „აქციები და სხვა კაპიტალის ანგარიშზე“, – წერს აუდიტის სამსახური.

დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების ანგარიშზეა აღრიცხული ანბანის კოშკის სამშენებლო სამუშაოებიც, არადა, კოშკი, საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის განკარგულებით, უსასყიდლოდ, საკუთრების უფლებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაეცა;

ასევე მერიის ბალანსზე დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების ანგარიშზე ირიცხება საზაფხულო თეატრის სამშენებლო სამუშაოები და საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ირკვევა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 2 აპრილის ბრძანებით, საზაფხულო თეატრის შენობა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები, სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა ა(ა)იპ “ბათუმის კულტურის ცენტრს”. შესაბამისად, დაუმთავრებელი ძირითადი აქტივების ანგარიში ექვემდებარება კორექტირებას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, ბათუმის მერიას, 2006 წლის შემდეგ, ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების სრული ინვენტარიზაცია არ ჩაუტარებია. როგორც ირკვევა, 2015-2016 წლებში ინვენტარიზაცია ჩატარებული აქვს მხოლოდ ადმინისტრაციული დანიშნულების მქონე მოძრავ ქონებას და მცირეფასიან აქტივებს, ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 814,715 ლარი, რაც მერიის ბალანსზე რიცხული 670,451,855 ნარჩენი ღირებულების არაფინანსური აქტივების მხოლოდ 0.12%-ს შეადგენს.

როგორც უწყება ამბობს, ამის გამო, აუდიტის ჯგუფმა ვერ შეძლო, დაედასტურებინა ბალანსზე რიცხული აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილის ფიზიკური არსებობა, სისრულე და სიზუსტე.

ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურაში არ არსებობს აქტივების სრული ინვენტარიზაციის განმახორციელებელი დანაყოფი, რის გამოც ამგვარ საქმიანობას ვერ ახორციელებენ, ხოლო ბიუჯეტში არ ჰქონდა თანხა იმისათვის, რომ ეს მომსახურება შეესყიდა. აუდიტის სამსახური კი მიიჩნევს, რომ მერიის განმარტება დაუსაბუთებელია, რადგან მას ინვენტარიზაციას საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის ბრძანება ავალდებულებს.