ბათუმის მერიამ 2016 წელს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 7 მილიონ ლარზე მეტი ვერ დახარჯა, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია.
უწყება, ასევე, წერს, რომ მერიის ფინანსური ანგარიშგების მონაცემების სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციასთან შედარების შედეგად დგინდება, რომ ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილი დამტკიცებული და
დაზუსტებული ბიუჯეტის პარამეტრები უზუსტოა. “მაგალითად, ფინანსური ანგარიშგების თანახმად, „გრანტების“ მუხლის დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენს 670,900 ლარს, ხოლო დაზუსტებული ბიუჯეტი – 2,070,900 ლარს, სახაზინო მონაცემებით კი დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტი შეადგენს 1,410,000 ლარს”, – ნათქვამია დასკვნაში.
აუდიტის სამსახურის ცნობით, ბათუმის მერიის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების დაბალი მაჩვენებელი,
ძირითადად, განპირობებულია „არაფინანსური აქტივების ზრდისა“ და „ვალდებულებების კლების“ მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებების ნაწილობრივი ათვისებით. კერძოდ, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლში დაზუსტებულ ბიუჯეტსა და საკასო ხარჯს შორის არსებული სხვაობა ინფრასტრუქტურული პროგრამების არასრულად განხორციელებითაა გამოწვეული.
როგორც ირკვევა, ბათუმის მერიამ „საცხოვრებელი სახლების მშენებლობის“ ქვეპროგრამაში არსებული თანხებიდან 2,645,462 ლარი ვერ აითვისა. დაუხარჯავი დარჩა, ასევე, „სასპორტო ინფრასტრუქტურის
მშენებლობისა და რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამით გათვალისწინებული 2,621,886 ლარიც, ხოლო „საგზაო
ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის“ ქვეპროგრამაში – 1,827,749 ლარი.
რაც შეეხება „ვალდებულებების კლების“ მუხლს, აუდიტის სამსახური წერს, რომ მისი დაბალი მაჩვენებლით შესრულების ძირითადი მიზეზია მერიის მიერ, საკმარისი ფინანსური რესურსის არარსებობის გამო, ვალდებულებების შეუსრულებლობა. კერძოდ, 2016 წელს სრულად არ განხორციელდა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KFW) მიღებული სესხის მომსახურების ხარჯების გადახდა.
“აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში ფისკალური წლის
განმავლობაში განხორციელებულია რვა ცვლილება, მათ შორის, ბოლო ცვლილება – 2016 წლის 16
დეკემბერს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მერიამ ვერ შეძლო ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა, რაც
საბიუჯეტო პროცესში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს”, – წერია აუდიტის დასკვნაში.