დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სტუმრების გამასპინძლებისთვის დახარჯული 43 ათასი ლარის ხარჯვა დაუსაბუთებელია

749

დედოფლისწყაროს გამგეობამ სტუმრების გამასპინძლებისთვის დახარჯული 43 ათასი ლარის მიზანშეწონილობა ვერ დაასაბუთა, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში წერს.

უწყების ცნობით, 2015-2016 წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა
43.1 ათასი ლარი შეადგინა. კერძოდ, 2015 წელს გახარჯულია 21.7 ათასი, ხოლო 2016 წელს – 21.4 ათასი ლარი.

აუდიტის სამსახური წერს, რომ 2 წლის მანძილზე მუნიციპალიტეტმა აღნიშნული მუხლიდან სხვადასხვა მომსახურება შეისყიდა, კერძოდ, მუნიციპალიტეტში გამართულ ღონისძიებებთან დაკავშირებით მოწვეული სტუმრების გამასპინძლება, საკვები პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელების შესყიდვა, სასტუმროს მომსახურება და სხვა.

როგორც ირკვევა, 43.1 ათასი ლარიდან 21.3 ათასი ლარი სარესტორნო მომსახურებაშია გადახდილი, 21.6 ათასი ლარი საკვები პროდუქტების შეძენაზეა დახარჯული, ხოლო 0.2 ათასი ლარი – სასტუმროს მომსახურებაზე.

კანონმდებლობის მიხედვით, წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს მიღებების, წვეულებებისა და ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, ოფიციალური სადილები და ა.შ.), საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების, სუვენირების შეძენა/დამზადების, სატრანსპორტო მომსახურებისა და მგზავრობის, აგრეთვე, სასტუმროს მომსახურების ხარჯებს. როგორც ირკვევა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კონკრეტულად არ არის განსაზღვრული წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის პროცედურა და მასთან დაკავშირებით შესადგენი დოკუმენტაცია. არ არსებობს, სტუმრების მიღების ფორმა, მათი კატეგორია, გამასპინძლების ეტიკეტი და ა.შ., თუმცა, როგორც აუდიტის სამსახური წერს, გონივრულობის პრინციპიდან გამომდინარე, წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა და მისი მიზანშეწონილობა დოკუმენტურად სათანადოდ დასაბუთებული უნდა იყოს.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის წერილობითი განმარტებით, წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტებისა და სასაქონლო ზედნადებების წარმოდგენის საფუძველზე ხდებოდა.

“შესაბამისად, არც მუნიციპალიტეტის მიერ არ არის შემუშავებული შიდა ინსტრუქცია/წესი, რომლის
მიხედვითაც მოხდება წარმომადგენლობითი მუხლიდან თანხების ხარჯვა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია დადგინდეს მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების დასახელება, სტუმრობის მიზანი, სტუმრებისა და მასპინძლების ოდენობა და სხვა მონაცემები. შესაბამისად, 2015-2016 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული 43.1 ათასი ლარის წარმომადგენლობითი ხარჯის მიზანშეწონილობა დოკუმენტურად არ არის დადასტურებული”, – წერს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

უწყება მოუწოდებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც
უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ. “აღნიშნული წესით უნდა განისაზღვროს სტუმრების მიღების ფორმა, მიზანი და გამასპინძლების ეტიკეტი, რომლის მიხედვით მოხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯის გაწევა. ამასთანავე, არსებული ფინანსური რესურსის განაწილების პროცესში ხარჯების დაგეგმვისას, გამგეობის შესაბამისმა სამსახურებმა გაითვალისწინონ ის პრიორიტეტები, რომლებიც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იქნება მიმართული”, – ნათქვამია დასკვნაში.