შიდა ქართლში პირველადი მოხმარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა

727

შიდა ქართლის რეგიონში, ტურისტულ ზონებში, მათ შორის ბატეთის ტბაზე პირველადი მოხმარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი კახა სამხარაძის განცხადებით ბატეთის ტბასთან 3-4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია განხორციელდება და მთელი რეგიონის ტურისტულ ზონებში შესაბამისი ბილიკები მოეწყობა.

კახა სამხარაძის თქმით, ტურისტული მიმართულებით მნიშვნელოვანია სასტუმროების მშენებლობის საკითხიც: „ამ ეტაპზე ქვიშხეთში სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. მასში მინიმუმ 27 ნომერი განთავსდება. შედარებით დაბალი კლასის და ხელმისაწვდომი იქნება. გარდა ამისა, სასტუმროები შენდება სურამსა და ხაშურში, მათ შორის სურამის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ადგილობრივი ინვესტორი სასტუმროს აშენებს.“

გუბერნატორის ინფორმაციით, შიდა ქართლში 2018 წელს ჯამში 33 მილიონი ლარის მოცულობის პროექტი განხორციელდება. მისივე თქმით, გორში თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 2 მილიონ ნახევრამდე ლარი იქნება. ამასთან, 75 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება შიდა ქართლში, სადაც 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ახალი ელექტროსადგურები აშენდება.

კახა სამხარაძის თქმით, მიმდინარეობს წინასწარი მოლაპარაკებები კომპანიასთან, რომელიც დაინტერესებულია, რომ რეგიონში მზის პანელებით ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყოს.