ყვარლის ციხის კოშკის აღსადგენად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. ტენდერის ათდღიანი ვადა ისე ამოიწურა, რომ არცერთ კომპანიას მონაწილეობის სურვილი არ გამოუთქვამს. ტენდერი სამ მარტს გამოცხადდა. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
ყვარლის მერიამ ქალაქის ცენტრში მდებარე მე-16-მე-18 საუკუნის ციხის, დაზიანებული კოშკის რეაბილიტაციისთვის 18 500 ლარი გამოყო, კოშკის აღდგენის პროექტი კი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეათანხმა. სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდა ტენდერი.
ყვარლის მერიაში ამბობენ, რომ უპირატესობა მიენიჭება კომპანიას, რომელსაც სამი ანალოგიური ობიექტის რესტავრაციის გამოცდილება ექნება.
ყვარლის ციხის კოშკის ნაწილი რამდენიმე დღის წინ ისევ ჩამოინგრა.