აფბა: თბილისის გენგეგმა კერძო საკუთრებას ზღუდავს

872

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“, აგრძელებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე (მგგ) მუშაობას და საზოგადოებას შუალედურ ანგარიშს სთავაზობს.

კერძოდ, ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტის“ მიერ, მერიისთვის წარდგენილი მგგ-სგანახლებული მასალებიდან ირკვევა, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციებისახლებურად მოწყობისა და რელოკაციის ფინანსური და ეკონომიკური საკითხები კვლავ ბუნდოვანია.

დოკუმენტის SWOT ანალიზის ნაწილში, საფრთხეებად ავტორები თავად ასახელებენ მგგ-ს გადაწყვეტების ფინანსურ უზუნველყოფას და კერძო და საჯარო ინტერესების შეუთანხმებლობას, რაც ცალსახად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან კვლევის პროცესში ორგანიზაციას მომართა უამრავმა მოქალაქემ, რომელთა საკუთრების უფლება უკვე ხელყოფილია, რადგან მგგ-ს არსებული ვერსიით სახეზეა უამრავი კერძო საკუთრების შეზღუდვის ფაქტი, იმის გამო, რომ ყოველგვარი წინასწარი ინფორმირებულობის და კონსულტაციების გარეშე ხდება მოქალაქეთა კერძო საკუთრებაში არსებული ქონებისთვის დღეს მოქმედი ზონალობის შეცვლა.

“სითი ინსტიტუტმა საქართველომ” თბილისის მერიას მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა თებერვლის ბოლოს წარუდგინა. როგორც მოგვიანებით კახა კალაძემ თქვა, გენგეგმის შესწავლაზე სპეციალური ჯგუფი უკვე მუშაობს.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის მერიასა და მის ავტორებს შორის საჯილდაო ქვად იქცა. დოკუმენტი, რომლის შექმნაც 2015 წელს დაიწყო და რომლის შემუშავებაშიც დედაქალაქის წინა მთავრობამ 2 800 000 ლარი გადაიხადა, 2017 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით ითქვა, რომ დოკუმენტზე მუშაობა საბოლოოდ სექტემბერში დასრულდებოდა, რის შემდეგაც მას დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებდა.

დეკემბრის ბოლოს მერიამ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 145 ათასით დააჯარიმა. მერიამ განმარტა, რომ ამის მიზეზი დოკუმენტში არსებული გარკვეული ხარვეზები იყო. რამდენიმე დღის წინ კი სალუქვაძემ განაცხადა, რომ ჯარიმას არ იხდის, რადგანაც ჯგუფმა მერიის არქიტექტურის სამსახურს ჯარიმის დასაბუთება მოსთხოვა.