თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის მერიასა და მის ავტორებს შორის საჯილდაო ქვად იქცა. დოკუმენტი, რომლის შექმნაც 2015 წელს დაიწყო და რომლის შემუშავებაშიც დედაქალაქის წინა მთავრობამ 2 800 000 ლარი გადაიხადა, 2017 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით ითქვა, რომ დოკუმენტზე მუშაობა საბოლოოდ სექტემბერში დასრულდებოდა, რის შემდეგაც მას დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებდა.
გენგეგმის შემუშავება თბილისის წინა მერის, დავით ნარმანიას ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო, თუმცა, უფლებამოსილების ვადა ისე ამოწურა, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება ვერ მოახერხა. გენგეგმასთან დაკავშირებით რადენიმე საჯარო შეხვედრაც გაიმართა, მოეწყო კონკრეტული პროექტების პრეზენტაციაც. ერთი შეხედვით, ყველაფერი გეგმაზომიერად მიდიოდა და საკრებულოს მიერ დოკუმენტის დამტკიცებას წინ არაფერი ედგა, თუმცა, საბოლოოდ, არათუ დამტკიცება, არამედ მასზე მუშაობაც კი ვერ დასრულდა. პოლიტიკურ კულუარებში ამბობდნენ, რომ ნარმანიამ დოკუმენტზე პასუხისმგებლობის აღება ვერ გარისკა, თუმცა, იყო მეორე ვერსიაც – კალაძეს სურდა, თავად გამხდარიყო მერი, რომლის დროსაც თბილისის გენერალური გეგმა შეიქმნებოდა, ამასთან, მას აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს “სიცოცხლით სავსე ქალაქის” განვითარების გენერალური ხაზი, ამიტომაც ნარმანიამ მომავალ მერს ასპარეზი ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე დაუთმო.
დედაქალაქის ახალ ხელისუფლებასა და გენგეგმის ჯგუფს შორის ურთიერთობა რომ მარტივი არ იქნებოდა, ეს ჯერ კიდევ კალაძის მერობის კანდიდატობისას გამოჩნდა. “მე როგორც ვიცი, ჯერ მიმდინარეობს განხილვები, არის გარკეული შეკითხვები. შესაბამისად, დრო დასჭირდება ამ დოკუმენტის შესვლას საკრებულოში”, – ასეთი იყო თბილისის მომავალი მერის პირველი კომენტარი ჯერ კიდევ სექტემბერში, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას.
მოგვიანებით, 27 ოქტომბერს, აღნიშნულ ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ, კალაძემ განაცხადა, რომ გარდამავალ პერიოდში შექმნიდა რამდენიმეკაციან ჯგუფს, რომელიც დოკუმენტს შეისწავლიდა. „მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. იმ ჯგუფს, რომელსაც ჩვენ შევხვდით, დოკუმენტი უკვე წარმოდგენილი აქვს. ამ პროცესში ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი, გარდა ამისა, იყო საზოგადოებრივი განხილვებიც. ჩვენ ვთხოვეთ, რომ ამ გარდამავალ პერიოდში შევქმნით რამდენიმეკაციან ჯგუფს, სადაც სხვადასხვა სპეციალისტი იქნება წარმოდგენილი. გამოვითხოვთ ამ დოკუმენტს და შევაფასებთ… ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიწათსარგებლობის გენერალური დოკუმენტი რაც შეიძლება მალე იქნას მიღებული, დოკუმენტი ყველანაირად გამართული უნდა იყოს. ეს ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია იქნება, რის მიხედვითაც უნდა განვითარდეს ქალაქი”, – თქვა კალაძემ.
ამ შეხვედრიდან ზუსტად 2 თვეში, დეკემბრის ბოლოს, მერიამ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 145 ათასით დააჯარიმა. მერიამ განმარტა, რომ ამის მიზეზი დოკუმენტში არსებული გარკვეული ხარვეზები იყო. თუმცა, თავად „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე აცხადებდა, რომ არქიტექტურის სამსახურმა არ განუმარტა, თუ რომელი შენიშვნების გამო დააჯარიმეს. “როცა ამხელა დოკუმენტი იქმნება და კონცეპტუალური შენიშვნა არ არის, შეიძლება, რუკაში ხაზი საითკენ უნდა იყოს მიმართული, ამის გამო დააჯარიმო ჯგუფი, რომელსაც ტიტანური სამუშაო აქვს გაკეთებული? მართლა მასშტაბური დოკუმენტი შევქმენით. მე ვფიქრობ, რომ ეს არარაციონალურია და არასერიოზულიც“, – უთხრა droa.ge-ს სალუქვაძემ.
ორი დღის წინ თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს 9-გვერდიანი შენიშვნები გაუგზავნა. პრეტენზია, ძირითადად, ზონირებას, ტრანსპორტს, რკინიგზას, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს, ეფექტიანობის შეფასებას, განხორციელების ეტაპებს, რიგითობას და ეკონომიკას ეხება. გენგეგმის შემუშავებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა “სითი ინსტიტუტი საქართველოს” უკვე ამოეწურა. თუმცა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ კომპანიას ხარვეზების გამოსასწორებლად დროს აძლევს.
“ჩვენ ვითვალისწინებთ ფაქტობრივ მოცემულობას და იმ სამუშაოებს, რომელიც უკვე გასწია “სითი ინსტიტუტმა” და ამ პროცესში, პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის და ზოგადად, ჩვენ ქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება და ყველაფრის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, საკუთარი რესურსების გათვალისწინებით, დღის ბოლომდე წარმოადგინონ გონივრული ვადა, თუ როგორ და რა ვადებში შეძლებენ ამ დოკუმენტის სრულყოფას. ჩვენ, ჩვენი მხრივ, მერია და მერიის მთელი სამსახურები, სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რომ გაგრძელდეს ეს თანამშრომლობა, რათა იქნეს მიღებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ველოდებით მათ შემხვედრ წინადადებებს” – განაცხადა კახა კალაძემ 12 იანვარს გამართულ ბრიფინგზე.
რა კონკრეტული შენიშვნები აქვს მერიას გენგეგმის ჯგუფთან?
დოკუმენტში ვკითხულობთ:
ზონირება – “მგგ-ს ფარგლებში საჭიროა გაიწეროს რეკომენდაციები, თუ რა ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით უნდა იქნას გაანალიზირებული საკითხები ცალკეული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების დასადგენად, რომელიც უკვე ჩამოყალბებულია და არ საჭიროებს გრგ-ს დამუშავებას… უგულველყოფილია მწვანე ქალაქის კონცეფციით გათვალისწინებული პრიორიტეტები – სარეკრეაციო ზონები: ბაღები, სკვერები და საუბნო მწვანე კორიდორები… მუნიციპალიტეტს მიაჩნია, რომ ნებისმიერი სკვერი, მისი ფართობის მიუხედავად, საჭიროებს სარეკრეაციო ზონის განსაზღვრას. საჭიროა მწვანე კორიდორების გაჩენა და ასახვა. ზონირების ნაწილში გათვალისწინებული და ასახული უნდა იქნას არსებული და დაგეგმილი სატრანსპორტო ქსელი და გზის შემადგენელი ელემენტები”;
ტრანსპორტი – “ტექსტში არ არის რეფერენსირებული არც ერთი მოქმედი პოლიტიკის დოკუმენტი ან ევროკავშირის დირექტივა და საუკეთესო პრაქტიკა ამ მიმართულებით. ასევე, არ არის ნახსენები თბილისზე არსებული კვლევები და მონაცემები. ტექსტი უნდა ეყრდნობოდეს თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიას (2015), რომელიც თბილისის მთავრობის მიერ არის მოწონებული… გაურკვეველია, რა პრინციპების საფუძველზე გაკეთდა ალტერნატიული გზები და სხვა შემოთავაზებები. გენერალური გეგმის ეს თავი არანაირ მონაცემებს და დამამტკიცებელ საფუძვლებს არ იშველიებს, როგორც ჩანს, არც ყოფილა გამოყენებული წინადადებების მომზადებისას. გენერალური გეგმა არ შეიძლება განვითარდეს მონაცემების გარეშე”;
რკინიგზა – “მუნიციპალიტეტი მიიჩნევს, რომ რკინიგზის სამგაზვრო ხაზის გაუქმების შეფასება ცალმხრივია და უგულვებელყოფს გამჭოლი სამგზავრო რკინიგზის ხაზის და ცენტრალური სადგურის სატრანსპორტო მნიშვნელობას… რკინიგზის სამგზავრო მონაკვეთის (დიდუბე-სამგორი) გაუქმების გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის საკითხისათვის საჭრო კვლევები არ არის ჩატარებული. მოყვანილი არგუმენტები არის ცამხრივი – რკინიგზის არსებობის მხლოდ უარყოფითი მხარეები და გადატანის დადებითი მხარეები. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა რამდენჯერმე მიმართა მგგ-ს ჯგუფ მოთხოვნით, რომ აღნიშნული საკითხზე გაკეთებული ჩანაწერი, რომ გადაწყვეტილება საჭროებს სამომავლო კვლევას. 2009 მგგ-ს ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება რკინიგზის გადატანასთან დაკავშირებით რამდეჯერმე მეორდება მგგ-ს ჯგუფის პასუხში, როგორ რკინიგზის სამგზავრო ხაზის გაუქმების საფუძველი. 2009 წლის მგგ შექმნილია სხვა პოლიტიკური რეალობის პირობებში, არის მოძველებული და არასრულფასოვანი. ამიტომ წარმოიშვა ახალი მგგ-ს შექმნის აუცილებლობა. 2009 წლის მგგ-შიც შესაბამისი კვლევით არ არის დასაბუთებული რკინიგზის გადატანის საკითხი”;
კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონები – “დოკუმენტში წარმოდგენილი ისტორიული ძეგლების ინდივიდუალური დაცვის არეალები (ზონის გარეთ) მექანიკურადაა შემოვლებული 50მ და 150მ -ის ოფსეტით და არა რეალური რელიეფის/აღქმადობის მიხედვით”;
ეფექტიანობის შეფასება – “დოკუმენტის დასკვნით დებულებებში საუბარია ზოგადად ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების დამუშავებაზე, რაც განაპირობებს ეფექტიანობას. მგგ-ის ეფექტიანობის შეფასების მიზანია, მკაფიოდ ჩანდეს, თუ რა შედეგის მომტანი იქნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, შეფასებული უნდა იყოს მასში განხილული ყველა საკითხის ეფექტიანობა, რაც დოკუმენტში არ იკვეთება”;
განხორციელების ეტაპები და რიგითობა – “რიგითობა, თუ რა რის შემდეგ უნდა გაკეთეს და რატომ, საერთოდ არ არის წარმოდგენილი; წარმოსადგენია შეფასება, თუ რას ეფუძვნება მოკლევადიანი საპროექტო სამუშაოების (1- 5წ.) დაახლოებითი ღირებულება 20.5-21 მლნ. ლარი, ხოლო საშუალო და გრძელავადიანი საპროექტო სამუშაოების მხოლოდ ჩამონათვალია მოცემული. მგგ-ს განხორციელბის ეტაპების ნაწილში წარმოდგენილი უნდა იქნას ხარჯთაღრიცხვის შედგენის მეთოდოლოგიური საფუძველი და განფასება”;
ეკონომიკა – “პროგნოზის გაანგარიშების მეთოდიკა გამოსასწორებელია. აღნიშნულმა ასახვა უნდა ჰპოვოს ანგარიშის ყველა შესაბამის ტექსტურ ნაწილში… წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დარღვეულია წყაროს მითითების წესები. შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში მონაცემების სიზუსტის გადამოწმება და სანდოობის დადგენა შეუძლებელია.. ტექსტურ ნაწილში გაკეთებულ პროგნოზებში მითითებული არ არის წლები, შესაბამისად, თითქმის შეუძლებელია მათი შედარება არსებულ მონაცემებთან”.
გარდა ამ შენიშვნებისა, დოკუმენტში ასევე, წერია, რომ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის ზონირება მოსაყვანია წარმოდგენილ კონცეფციასთან შესაბამისობაში, ხოლო საველოსიპედო გზების კონცეფცია არ ასახავს თბილისის მთლიან ველოქსელს.
ჩანაცვლდება თუ არა “სითი ინსტიტუტი საქართველო” სხვა კომპანიით და რას მიიღებს ამით დედაქალაქი?
შენიშვნებზე დეტალური ინფორმაციის მისაცემად გენგეგმის ჯგუფს მერიამ 45 დღის ვადა მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში, “სითი ინსტიტუტი საქართველოს” სხვა კომპანია ჩაანაცვლებს.
“ჩვენ კომპრომისებზე არ წავალთ, გვინდა სრულყოფილი დოკუმენტი და თუკი ასეთს ვერ მივიღებთ, მაშინ ჩვენ ჩავრთავთ საერთაშორისო გამოცდილების კომპანიებს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ, საბოლოო ჯამში, შეიძლება დაგვიანებით, მაგრამ მაინც მივიღებთ იმ გენგეგმას, რომელიც სჭირდება ქალაქს”, – განაცხადა კალაძის მოადგილე ილია ელოშვილმა.
გენგეგმის ავტორები კი ამბობენ, რომ საქართველოში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გენერალური გეგმის შემუშავების სტანდარტი არ არსებობს, რის გამოც უწყება გარკვეულ დოკუმენტებს სხვაგვარად კითხულობს, ზოგ შემთხვევაში კი იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე გენგეგმა საჭიროებს.
ჯერჯერობით, მერიაც და “სითი ინსტიტუტი საქართველოც”, რამდენიმეთვიანი დაძაბული ფონის მიუხედავად, პოზიციების შეჯერებას ცდილობენ, თუმცა, ამის პარალელურად, ასევე რამდენიმე თვეა, მუდმივად ისმის, რომ სხვა ჯგუფი შეაფასებს დოკუმენტს, სხვა კომპანია დაასრულებს გენგეგმას. მერიას “სითი ინსტიტუტთან” ხელშეკრულების გაწყვეტა ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე მოსთხოვა.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი დოკუმენტზე მუშაობას ვერ დაასრულებს, ან ეს დოკუმენტი დედაქალაქის მთავრობისთვის კვლავ მიუღებელი იქნება? როგორც დედაქალაქის ხელისუფლება გვეუბნება, საქმეში საერთაშორისო გამოცდილების მქონე სხვა კომპანიას ჩართავს. გამოდის, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მოლოდინში ქალაქი, გარდა იმ 2 წლისა და 2 მილიონი ლარისა, რომელიც ამ კომპანიას თბილისის მთავრობამ უკვე გადაუხადა, დამატებით კიდევ რამდენიმე წელს და რამდენიმე მილიონს დაკარგავს.
მიუხედავად ელოშვილის დაპირებისა, რომ “მაინც მივიღებთ იმ გენგეგმას, რომელიც სჭირდება ქალაქს”, არც დედაქალაქის წინა მთავრობის და არც ამ მთავრობის დროს არავინ შეჯერებულა იმაზე, კონკრეტულად რა სჭირდება ქალაქს. ამასობაში კი დღემდე ისევ იგივე გარემოში, იგივე წესებით, იგივე რეგულაციებით ვცხოვრობთ, როგორითაც ვცხოვრობდით ბევრი წლის განმავლობაში და არავინ იცის, როგორი გახდება თბილისი მანამ, სანამ ქალაქის ხელისუფლება გენგეგმაზე მუშაობას დაასრულებს.