თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს, “სითი ინსტიტუტ საქართველოს“ 140 ათას ლარიანი ჯარიმა, რომელიც დედაქალაქის მერიამ ერთი და იგივე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის დააკისრა, არ გადაუხდია.
ამის შესახებ “სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა, მამუკა სალუქვაძემ “ინტერპრენიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, ჯგუფმა მერიის არქიტექტურის სამსახურს ჯარიმის დასაბუთება მოსთხოვა, რაზეც მათ პასუხი ჯერჯერობით, არ მიუღიათ.
“ჯარიმა არ გადაგვიხდია. დასაბუთება ვთხოვეთ დამკვეთს – ქალაქის არქიტექტურის სამსახურს, რა დასაბუთებაც არ მიგვიღია. მოვიდა მათი წერილი, შემდეგ ჩვენ გავუგზავნეთ წერილი, რომ ვითხოვდით დასაბუთებას, მათ მოგვაწოდეს მხოლოდ მუხლი, რომლის მიხედვითაც ჯარიმა უნდა გადავიხადოთ. ეს მუხლები ვიცით ჩვენც, მაგრამ უნდა დაასაბუთონ ჯარიმის მიზეზი. მხოლოდ წერილის გამოგზავნა მიზეზი არ არის, განმარტონ, რა ერთი და იგივე საკითხი არ გამოვასწორეთ, რა შენიშვნებზეა ლაპარაკი?! ეს უნდა დაასაბუთოს არქიტექტურის სამსახურმა“, – განაცხადა სალუქვაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი 140 ათასი ლარი 2017 წლის დეკემბრის ბოლოს დააჯარიმა. ჯარიმის მიზეზად მერიამ აღნიშნული ჯგუფის მიერ “ერთი და იგივე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობა“ დაასახელა.
გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო.