„სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიას მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა დღეს უნდა წარუდგინოს. გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს 45-დღიანი ვადა სწორედ დღეს ეწურება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე აცხადებდა, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, რადგან ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია.
მერიის შენიშვნები ძირითადად ეხებოდა ზონირებას, ტრანსპორტს, რკინიგზას, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს, ეფექტიანობის შეფასებას, განხორციელების ეტაპებს, რიგითობას და ეკონომიკას.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის მერიასა და მის ავტორებს შორის საჯილდაო ქვად იქცა. დოკუმენტი, რომლის შექმნაც 2015 წელს დაიწყო და რომლის შემუშავებაშიც დედაქალაქის წინა მთავრობამ 2 800 000 ლარი გადაიხადა, 2017 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით ითქვა, რომ დოკუმენტზე მუშაობა საბოლოოდ სექტემბერში დასრულდებოდა, რის შემდეგაც მას დედაქალაქის საკრებულო დაამტკიცებდა.
დეკემბრის ბოლოს მერიამ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 145 ათასით დააჯარიმა. მერიამ განმარტა, რომ ამის მიზეზი დოკუმენტში არსებული გარკვეული ხარვეზები იყო. რამდენიმე დღის წინ კი სალუქვაძემ განაცხადა, რომ ჯარიმას არ იხდის, რადგანაც ჯგუფმა მერიის არქიტექტურის სამსახურს ჯარიმის დასაბუთება მოსთხოვა, რაზეც მათ პასუხი ჯერჯერობით, არ მიუღიათ.