აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებებია

1527

აჭარის მთავრობა კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“2018 წლის 5 მარტს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილებაში ცვლილება, რომლის შესახებაც გვსურს გავაკეთოთ რამდენიმე განმარტება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ განახლებული საბჭო არ წარმოადგენს საბოლოო შემადგენლობას, იგი გარდამავალ ეტაპზე არსებული რესურსითაა შექმნილი და ერთგვარი შუალედური გადაწყვეტილებაა. საბჭოს წევრობის ორ ვაკანტურ ადგილზე დარგის სპეციალისტის მოძიება მიმდინარე პროცესშია. ზონალური საბჭოს შემადგენლობის განახლებაზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების წესს, აჭარის მთავრობამ გაითვალისწინა როგორც საზოგადოება „ბათომის“, ისე დარგის სხვა სპეციალისტების რეკომენდაციები. კერძოდ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ აწარმოა მოლაპარაკება, ასევე დააგზავნა ოფიციალური წერილები საზოგადოება „ბათომის“ მიერ რეკომენდებულ სპეციალისტებთან. სამწუხაროდ, საბჭოს შემადგენლობაში ყოფნა საქართველოს სხვა ქალაქებიდან არ ისურვეს, თუმცა თანხმობა განაცხადეს თანამშრომლობაზე და რეკომენდაციების გაცემაზე, რასაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა კვლევის ეროვნულ ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმიც ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ე.წ.ზონალური საბჭოს ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენელი კახა შაშიკაძე, ხოლო დარგის ახალი სპეციალისტების მოძიების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სხვა საჯარო მოხელის ჩანაცვლებაც. ამ დროისათვის, კულტურული მემკვიდრეობის საბჭო განახლებულია დარგის ორი ახალი სპეციალისტით, ესენია: ბათუმის უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი და არქიტექტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი გაიოზ ფარცხალაძე, ასევე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი – ზვიად ბურჭულაძე. გვჯერა, აკადემიური სექტორის მიერ წარმოდგენილი ახალი წევრები უფრო კომპეტენტურს და ეფექტურს გახდიან კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მუშაობას. აჭარის ა.რ. მთავრობა, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არაერთ ღონისძიებას ახორციელებს: ზურაბ პატარაძემ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) მინიჭების შუამდგომლობის ექსკლუზიური უფლება გადასცა ბათუმის მერიას, იგი იყო ბათუმის მერთან ერთად ძველ ბათუმში დასაშვები სიმაღლის 15 მეტრიდან 12 მეტრამდე დაყვანის ინიციატორი, ასევე ისტორიულ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მათი მიმდებარე ფონური ნაგებობების ეტაპობრივად მუნიციპალურ საკუთრებაში გამოსყიდვის და მაცხოვრებლებისთვის ალტერნატიული ფართის შეთავაზების მომხრე. ზურაბ პატარაძე მხარს უჭერს ასევე ქალაქ ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების დოკუმენტის შემოღებას, რომლის დამტკიცების შემდეგ თავად რეგულაციები განსაზღვრავს ქალაქში დასაშვები მშენებლობების საკითხს“, – წერია აჭარის მთავრობის განცხადებაში.