ქუთაისში სამხედრო სამსახურის შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გენადი მარგველაშვილის ბიურო დაზიანდა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.
ბიუროს ხელმძღვანელის ზაზა ჯანგველაძის ინფრომაციით, მის კაბინეტსა და თანამშრომლების სამუშაო ოთახში ჭერი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად დაზიანდა ინვენტარი. ჯანგველაძის ინფორმაციით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები.
ზარალს ითვლიან ქუთაისის მერიაშიც. სამხედრო სამსახურის უფროსის მოადგილის სამუშაო ოთახი და ინვენტარი სრულიად განადგურდა. მერიაში განმარტავენ, რომ ზარალის ოდენობა მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ქუთაისის მერიის სამხედრო სამსახურის შენობაში ხანძარი გაჩნდა. სამსახური შენობის მეოთხე სართულზე მდებარეობს, მეორე და მესამე სართულებზე მერიის ააიპები და სხვა სამსახურებია განთავსებული.