ჩოხატაურში ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ და ძირითადად სახელფასო ფონდისთვის გამოყენებაზე საუბრობს “გურიის მოამბესთან” ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ბესო ქათამაძე. ქათამაძე ჩოხატაურის მერს მიმართავს.
“კალკულატორი მოიმარჯვე ბატონო მერო, წარსულში “ნაციონალების” საარჩევნო შტაბის უფროსო, ახლა კი როგორც ჩოხატაურელები ამბობენ, ტენდერებიდან თანხების კარგად მიმთვისებელო. ჩოხატაურის მერია-საკრებულოში დასაქმებულთა სახელფასო ხარჯი 1 575 000 ლარი. მერია-საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯი, საწვავი 842 000 ლარი. ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა სახელფასო ხარჯი 1 500 000 ლარზე მეტი”-აცხადებს ქათამაძე.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, რუსთავი 2-ზე, თოქ-შოუ “არჩევანში” მუნიციპალიტეტებში საკრებულოების მუშაობის სტილსა და იმ მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაშიც საბიუჯეტო თანხები იხარჯება.
მათ შორის მაგალითად დაასახელა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, მისი თქმით, 6-მილიონიანი ბიუჯეტიდან, 4 მილიონი მხოლოდ ხელფასებზე იხარჯება:
“სპეციალურად ამოვიწერე ეს მონაცემები ახლა, სანამ თქვენს გადაცემაში მოვიდოდი და გადავხედე თუ როგორც ,მუშაობს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტი. მაგალითად, ჩოხატაურის ბიუჯეტი არის 6 მილიონი ლარი და სახელფასო ფონდში მიდის აქედან 4 მილიონი იხარჯება სახელფასო ფონდში. წარმოგიდგენიათ? ორი მილიონი არის მარტო იმისთვის, რომ ბიუჯეტის თანხა დაიხარჯოს სხვადასხვა პროექტებზე.
იქ დასაქმებულები არიან “ოცნების” აქტივისტები და მათი მხარდამჭერები და ამ ადამიანებზე აქვთ დანიშნული ხელფასები. ეს არის დღეს რეალური თვითმმართველობა, რაც ამ ხელისუფლების პირობებში არსებობს”-განაცხადა მელიამ.