სოფლად სიღარიბის შესამცირებლად სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტი ევროკავშირისგან დაახლოებით ორ მილიონ ევროს ოთხი წლის განმავლობაში მიიღებს. ინფორმაციას “გაზეთი ბათუმელები” ავრცელებს.
ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ ხულოს მუნიციპალიტეტში დაფინანსებულ პროექტს – “ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება, სოფლის განვითარება ხულოში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“ (CCRG) განახორციელებს.
ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი, გიორგი მურვანიძე განმარტავს, რომ პროექტი ორკომპონენტიანია და გრანტები პროექტის ბოლო ეტაპზე გაიცემა. თუ რა სახის პროექტები დაფინანსდება ხულოში, ამაზე აქტიურ მოქალაქეთა მმართველმა საბჭომ უნდა იმსჯელოს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი დამოუკიდებელი ექსპერტები მიიღებენ. გიორგი მურვანიძის ინფორმაციით, ისინი კონკურსის წესით შეირჩევიან.
“პროექტის პირველი კომპონენტი ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, ხოლო მორე – საგრანტო კომპონენტს გულისხმობს. პროექტი ოფიციალურად 2017 წლის პირველ მაისს დაიწყო და 46 თვეს მოიცავს. პროექტის ფარგლებში აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანების ე.წ. „ლაგის“ ფორმირება დავასრულეთ – აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებაში სულ 112 ადგილობრივი დარეგისტრირდა, რომელმაც ფარული კენჭისყრით, მმართველთა საბჭოს 15 წევრი აირჩია. საბჭოს თავმჯდომარე როდამ შავაძეა“, – ამბობს გიორგი მურვანიძე.
მას შემდეგ, რაც გრანტების გაცემა დაიწყება, ხულოში მცხოვრებ მოსახლეობას ან იმ მოქალაქეს, რომელსაც სურს ხულოში ბიზნესი დააფუძნოს, დაფინანსების მისაღებად მმართველთა საბჭოს პროექტი უნდა წარუდგინოს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველთა საბჭო და დამოუკიდებელი ექსპერტები პროექტს მოიწონებენ, პროექტი დაფინანსდება.
ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის, ძირითადად, რა სახის პროექტები დაფინანსდება და რა თანხით. გიორგი მურვანიძე განმარტავს, რომ გრანტები იმ პრიორიტეტების მიხედვით გაიცემა, რომელიც მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიაში იქნება ასახული. სტრატეგიის შედგენასა და დამუშავებაზე მმართველთა საბჭო ახლა მუშაობს.
გიორგი მურვანიძის თქმით, ამ დროისთვის მოსახლეობის დაინტერესება დიდია, დაფინანსების მოსაპოვებლად კი მათ ოფისს მოქალაქეები ყოველდღე მიმართავენ.