ბორჯომში ნახანძრალ კორპუსში მცხოვრებლები მერიისგან დახმარებას ითხოვენ

593

ბორჯომში, თორის ქუჩაზე ორსართულიან კორპუსში მცხოვრებლები ხანძრის შედეგად დაზიანებული სახურავის გადახურვას ითხოვენ. ის ვინც უსახლკაროდ დარჩა, ამბობს, რომ არც საკვები და არც პირველადი მომხარების ნივთები აქვს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

თორის ქუჩაზე N44-ში 10 დღის წინ მოხდა. 24 თებერვალს მეორე სართულზე კორპუსში ჩაშენებულ საკვამურში მოდებულმა ცეცხლმა ერთი ოჯახს ბინა მთლიანად დაუწვა, სამს კი ჭერი დაუზიანა. ის ვინც უბინაოდ დარჩა, ბორჯომის მერიამ დროებით ნაქირავებ ფართში გადაიყვანა. მას შემდეგ, წვიმის დროს, სამ ოჯახს სახლში წყალი ჩასდის.

ორსართულიან კორპუსში, რომელიც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ აშენდა, 11 ბინაა, ამ ეტაპზე აქ რვა ოჯახი ცხოვრობს, ადგილობრივები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ კორპუსის გადახურვა მალე დაიწყება და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 ლარი გამოიყოფა. „ვცდილობთ ტენდერის გარეშე მოვძებნოთ კომპანია, რომელიც კორპუსს გადახურავს. გაგზავნილი გვაქვს წერილი შესყიდვების სააგენტოში, რომ ნებართვა მივიღოთ“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.

რაც შეეხება იმ ოჯახებს, რომლებსაც ბინები ისე დაუზიანდათ, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელია, როგორც ბერიძე ამბობს, ისინი დროებითი ფართებით უზრუნველყოფილები არიან.