რუსთავში, შესაძლოა, ავტოფარეხების დემონტაჟი დაიწყოს. ქალაქის მერის ირაკლი ტაბაღუას თქმით, თუ მოსახლეობა მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე აშენებული ან დაუსრულებელი ფარეხების დემონტაჟს მოითხოვს, რუსთავის მერიას წერილობით უნდა აცნობოს, შესაბამის სამუშაოებს კი თვითმმართველობა საკუთარი ხარჯებით განახორციელებს. ინფორმაციას “ინფორუსთავი” ავრცელებს.
“ყველაზე იდიალური მიდგომაა როდესაც, მოსახლეობა თავის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწაზე უკანონო მშენებლობებზე, ასევე დაუმთავრებელი ავტოფარეხების ან რაიმე სახის კონსტრუქციის დემონტაჟს ითხოვს, ამ მხრივ მუნიციპალიტეტი გამოთქვამს მზაობას, რომ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული და ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ” – განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური რაც მეგობრობის ქუჩის 31 ბინის მცოვრებლებმა რუსთავის მერს ეზოში არსებული ნაგებობების დაშლის თხოვნით ერთ-ერთი შეხვედრის დროს მიმართეს.
არსებული ინფორმაციით საცხოვრებელ ზონებში ავტოფარეხების უმეტესობა უნებართვოდაა აშენებული და 90-იანი წლების შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი დანიშნულების მიხედვით აღარ იყენებს. ფარეხების ფიქტიური მფლობელები კი საკუთარ ავტომობილებს ფარეხის ნაცვლად სხვა ადგილას, ქუჩაში ან კორპუსის ეზოებში აჩერებენ.