კომპანია “აგროპლანი” კახეთში 400 ჰექტარზე ბროწეულის პლანტაციიის გაშენებას გეგმავს. ამ ეტაპზე ბიზნესგეგმის დამუშავება მიმდინარეობს. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, საქართველოში ბროწეულის მასობრივ წარმოებას კლიმატის გათვალისწინებით კარგი პერსპექტივა აქვს. “აგროპლანი” ნერგების შემოტანას ირანიდან და აშშ-დან გეგმავს.
“რამდენიმე ჯიშის ნერგს გამოვიყენებთ, რათა მოსავალი ეტაპობრივად დამწიფდეს. პლანტაცია თანამედროვე ტექნოლოგიებით და რწყვის სისტემით გაშენდება, რის გამოც ერთ ჰექტარზე ინვესტიცია დაახლოებით 10-12 ათასი დოლარი იქნება. კომპანია პროდუქციის გადამუშავებისთვის და წვენის წარმოებისთვის სამომავლოდ ქარხნის მშენებლობასაც გეგმავს და ადგილობრივი ბაზრის ათვისების გარდა, ევროპაში ექსპორტსაც აპირებს”,-განაცხადეს კომპანია “აგროპლანში”.
კომპანია ირანული ინვესტიციით 2012 წელს დაფუძნდა, რომელიც კახეთში 100 ჰექტარ ვენახს ფლობს, გასულ წელს კი 50 ჰექტარზე ქლიავის, გარგრისა და ატმის ბაღებიც გააშენეს.