მეხორბლეები მთავრობას წისქვილკომბინატების ამოქმედების ახალ გეგმას სთავაზობენ

548

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებსა და პარლამენტის აგრარულ კომიტეტს, წისქვილკომბინატების ამუშავების მიზნით, ახალი გეგმით მიმართავენ.

როგორც BM.GE-ის ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განუმარტა, მეხორბლეები საკითხის გადაწყვეტას ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში ითხოვენ. უნდა აღინიშნოს, რომ ახალ გეგმაში დარგის წარმომადგენლებმა ყოველდღიური მოხმარების პურზე (ე.წ. სოციალურ პურზე) ფასის შენარჩუნების საკითხიც, წინა გეგმის მსგავსად გაითვალისწინეს, თუმცა ახალ და ძველ შეთავაზებას შორის სხვაობა ის არის, რომ თუ ძველი გეგმით მეხორბლეები მეპურეებისთვის სოციალური პურის წარმოებისთვის ფქვილის გარანტირებულ ფასად მიწოდებისთვის იყვნენ მზად, ახალ გეგმაში ე.წ. სოციალური პურის წარმოებისთვის საჭირო 7 000 ტონა ფქვილზე საიმპორტო ბაჟი არ უნდა დაწესდეს.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს პურის ქარხნებს ყოველდღიური მოხმარების ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობად თვეში მაქსიმუმ 7000 ტონა პირველი ხარისხის ფქვილი ესაჭიროებათ. ქვეყანა კი ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით, 30 000 ტონა ყველა სახეობის ფქვილს (უმაღლესი, პირველი , მეორე და ა.შ.) მოიხმარს.

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე დღეს არსებული გამოწვევები: ყოველდღიური მოხმარების პურზე ფასების შენარჩუნება და სასურსათო უსაფრთხოება (ხორბლის 2 თვიანი გარდამავალი მარაგების არსებობა);

წისქვილები მოითხოვენ მცურავი დამაბალანსებელი გადასახადის შემოღებას ფქვილის იმპორტზე, რაც ფქვილსა და ხორბალს შორის დარღვეულ კონკურენციის პირობებს გაათანაბრებდა და წისქვილების ამუშავდება უზრუნველყოფს.

მთავრობა და მეპურეები დღემდე უპირატესობას ანიჭებდნენ ფქილის იმპორტს, ვიდრე ადგილობრივი წისქვილების ამუშავებას, რადგან მიაჩნდათ, რომ რუსეთიდან ფქვილზე დღეს არსებული ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმი, პურის ფასს გაძვირებისაგან იცავს, თუმცა რეალურად პური მაინც პერმანენტულად ძვირდება.

წისქვილკომბინატებს მიაჩნიათ, რომ პურის ფასს უფრო ეფექტიანად დაიცავს ხორბლის მუდმივი მარაგების არსებობა, რადგან მარაგები მუდმივად განახლებადია და ხარჯვის პარალელურად ივსება ახალი გარდამავალი მარაგებით შედეგად ბაზარზე ფქვილი გამოდის რყევების გარეშე საშუალო შეწონილ ფასად სტაბილური მიწოდებით და სასურსათო უსაფრთხოება ხორბალში მარაგით არის დაცული.

წისქვილების შეთავაზება საქართველოს მთავრობას და პურის ქარხნებს:

1. შემოღებულ იქნას ფქვილის იმპორტზე წინასაიმპორტო (მცურავი ბაჟის დამაბალანსებელი) გადასახადი;
2. განთავისუფლდეს წინასაიმპორტო გადასახადისაგან 7 000 ტონა პირველი ხარისხის იმპორტირებული ფქვილი იმ პირობით თუ იგი პურის ქარხნების მიერ გამოყენებული იქნება ყოველდღიური მოხმარების ე.წ. სოციალური პურის გამოსაცხობად“, – ნათქვამია ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დარგის წარმომადგენლები ამ შეთავაზების მოსალოდნელ შედეგებზეც საუბრობენ და ამბობენ:

„პურის ფასი – შენარჩუნებული იქნება დღეს არსებული ფქვილის იმპორტის იგივე რეჟიმი იმ რაოდენობის ფქვილზე (თვეში 7 000 ტონა), შესაბამისად მეპურეებს სამომავლოდაც ექნებათ ზუსტად იგივე რეჟიმი და ფქვილის იმპორტი, რაც აქვთ დღეს, რომ არ გაძვირდეს ყოველდღიური მოხმარების ე.წ. სოციალურ პური (ანუ პურის ქარხნებისათვის სოციალური პურის გამოშვების მიმართულებით არაფერი იცვლება დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით).

– სასურსათო უსაფრთხოება (ხორბლის მარაგები) – ფქვილის იმპორტზე წინასაიმპორტო (მცურავი ბაჟის დამაბალანსებელი) გადასახადი ათანაბრებს ფქვილისა და ხორბლის პირობებს შედეგად უზრუნველყოფს წისქვილკომბინატების ამუშავებას, შესაბამისად ხორბლის 2-თვიანი გარდამავალი მარაგების შექმნას როგორც ადგილობრივი ხორბლის მიღებით ასევე ხორბლის იმპორტის განხორციელების მეშვეობით;

– დამატებითი ეფექტი: სამუშაო ადგილები, სხვადასხვა კატეგორიის ფქვილის გამოშვება(უმაღლესი , პირველი, მეორე) , ქატოს გამოშვებას , საქართველოს ბიუჯეტში შენატანები“, – ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში ქვეყანაში ხორბლის და ფქვილის ბაზარზე დღეს არსებულ მდგომარეობასაც მიმოიხილავენ:

– 2021 წლის 2 ივნისის დადგენილებით რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე ე. წ. მცურავი ბაჟი შემოიღო, რუსეთიდან ხორბლის გამოტანაზე მცურავი ბაჟის შესაბამისი გადასახადის გადახდა აუცილებელია. დღეის მდგომარეობით რუსეთიდან ფქვილის გამოტანაზე კი გადასახადი კვლავ ნულის ტოლი.

– შედეგად საქართველოში შემოდის ფქვილი და არ შემოდის ხორბალი, რამაც წისქვილების მუშაობა (მანამდე არსებული ფქვილსა და ხორბალზე ერთნაირი დაბეგვრის რეჟიმების პირობებში საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი იყო 97 % ადგილობრივი წისქვილების ფქვილი და მხოლოდ 3 %იყო იმპორტირებული ) გააჩერა.

– საქართველოში მოყვანილი ხორბალი არის ქვეყნის წლიური მოხმარების 15%, რაც მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, თუ იმპორტირებული ხორბალი არ დაემატა.