საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივმოქმედი დელეგაციების შემადგენლობა დაამტკიცა.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR) დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის წაკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი, ასევე, მცხეთისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები – ბექა ხალიბეგაშვილი და სალომე ღონღაძე იქნებიან. შემცვლელ წევრებად კი ხაშურის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების საკრებულოების დეპუტატები – ანა ხარებავა, ოთარ ლორთქიფანიძე და ნატალია ზოიძე.
NALAG ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოში 2010 წლიდანაა გაწევრიანებული და აქტიურად მონაწილეობს ისეთი საკითხების განხილვაში, როგორებიცაა: გენდერული თანასწორობა, ახალგაზრდობის მონაწილეობა მართვაში, ენერგოეფექტურობა და მიგრაციის საკითხები.
საბჭოს წევრებმა ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში – CORLEAP’ მონაწილე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზეც იმსჯელეს. გიორგი ტყემალაძემ დელეგატებად თბილისის საკრებულოს წევრები – ნინო ლაცაბიძე და ქეთევან მამულაშვილი, ასევე, ზუგდიდის საკრებულოს წარმომადგენელი სანდრო სორდია წარადგინა. დელეგაციაში ასევე იქნება ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და თბილისის საკრებულოს წევრი თამარ ტალიაშვილი.
კრების გადაწყვეტილებით ამ დელეგაციას თბილისის საკრებულოს წევრი ნინო ლაცაბიძე უხელმძღვანელებს.