ბათუმის მერმა მისი მუშაობის 100 დღის განმავლობაში 20 მთავარი საკითხი დაასახელა

586

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ საზოგადოებას 100 დღის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრა საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა.

მერმა მისი არჩევიდან 100 დღის განმავლობაში გაწეულ მუშაობასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. განიხილა თვითმმართველობაში გატარებული სისტემური ცვლილებები, რაც მერიის საქმიანობის ეფექტურობის ზრდასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას ემსახურება.
ლაშა კომახიძემ აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული საქმიანობის 20 ყველაზე მინიშვნელოვან შედეგზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ეს საკიხებია:

• ბათუმის მუნიციპალიტეტის 2018-2021 წლების განვითარების სტრატეგია და სამუშაო გეგმა.
• მომზადდა და ხორციელდება ამხანაგობათა საუბნო კავშირების პროგრამა, მერის თქმით, ამ მიმართულებით უკვე მომზადებულია ტეკნიკური დავალება და ჩატარდებულია ტენდერი მომსახურების შესყიდვის მიზნით.
• შემუშავდა ბათუმის მერიის ახალი სტრუქტურა და ორგანიზაციული მოწყობის მოდელი.
• მომზადდა განახლებული სტრუქტურული ერთეულების დებულებები და საშტატო ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები.
• ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით დაიწყო ოთხი ა(ა)იპ-ის ლიკვიდაცია.
• ლიკვიდირებული ორგანიზაციებისა და მერიის ცალკეული სამსახურების ფუნქციების გადანაწილების შედეგად ორი ახალი ორგანიზაცია შეიქმნა.
• განხორციელებული ცვლილებების შედეგად ადმინისტრაციული ხარჯი 700 000 ლარით შემცირდა.
• ცვლილებები შევიდა მერიის ავტომანქანებისა და საწვავის განკარგვის წესში, რომლის შედეგად საწვავზე განკუთვნილი წლიური ხარჯი 73 400 ლარით შემცირდა.
• მომზადდა მუნიციპალიტეტის ეფექტური მუშაობის ხელისშემშლელი საკანონმდებლო და სხვა ტიპის ნაკლოვანებათა ანალიზის დოკუმენტი, რომელიც განხილვისა და შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია ბათუმის საკრებულოსა და აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის.
• მომზადდა და დამტკიცდა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, რომელიც განსაზღვრავს მერიისა და მისი ორგანიზაციების მოქმედებას საგანგებო სიტუაციების დროს. დოკუმენტი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა მერიის სამსახურების მოქმედებების კოორდინაციისა და შედეგის გაზრდის თვალსაზრისით.
• დაინერგა მოქალაქეებთან მუშაობის ახალი სტანდარტი და დაიგეგმა მომსახურების სერვისცენტრების შექმნა ადმინისტრაციების მიხედვით.
• მომზადდა მერის მრჩეველთა საბჭოს ახალი დებულება.
• მომზადდა მერიის სამსახურების რისკების მართვის დოკუმენტი და შემუშავდა სარეზერვო და საბინაო ფონდების განკარგვის წესები.
• გატარდა ღონისძიებები საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობისა და მასზე წვდომის გამარტივების მიზნით.
• შეიქმნა მერიის სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომლის მიზანია ქალაქის ცალკეულ უბნებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ადგილზე მოგვარება. ასევე, შემუშავდა კერძო საკუთრებაში არსებული, მიტოვებული და მოუვლელი ტერიტორიებისა და შენობა-ნაგებობების მოწესრიგების წესი.
• გატარდა კონკრეტული ღონისძიებები ქალაქის განაშენიანების რეგულირების მიზნით; მომზადდა პროექტი ბათუმის ისტორიული განაშენიანების განსაკუთრებული ზონისა და მასზე გავრცელებული რეგულაციების შესახებ; საკრებულოში დაიწყო საქმისწარმოება ბათუმში ისტორიული განაშენიანების საზღვრების დადგენისა და დამტკიცების თაობაზე.
• მომზადდა სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაციის გეგმა, რომლის განხორციელება უახლოეს დღეებში დაიწყება. გარდა ამისა, დაწყებულია მგზავრთა გადასაჯდომი ტერმინალებისა და ქალაქის საპარკინგე ზონების მოწყობა. უახლოეს პერიოდში კი, ქალაქში თანამედროვე საპარკინგე ნაგებობები დაიდგმება.
• მიმდინარეობს ინდუსტრიული ბიზნეს ცენტრის საოპერაციო მოდელის შექმნაზე მუშაობა ბიზნეს სექტორის სტიმულირების მიზნით. ინდუსტრიული ბიზნეს ცენტრის მოწყობისთვის აჭარის მთავრობამ მდ. ჭოროხის გასწვრივ 5 ჰექტარი ტერიტორია გამოყო.
• შესრულდა მასშტაბური ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები.
• ხორციელდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით შემუშავებული, ასევე, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის პროგრამები.

მერმა თითოეულ სიახლეზე ვრცლად ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიება 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბათუმის მერის 100 დღის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაინტერესებული მოქალაქეები, არასამთავრობო სექტორის, მერიის, საკრებულოს, უმაღლესი საბჭოს, ასევე, მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.