ქედის შესასვლელში ცენტრალური მაგისტრალი ფართოვდება

940

ბათუმი-ახალციხის 37-ე კილომეტრზე ცენტრალური მაგისტრალის (ქედის შესასვლელში) გაფართოებითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მონაკვეთზე, გზის სივიწროვის გამო, საფრთხე ექმნებოდათ როგორც ავტომობილების მძღოლებს, ასევე ქვეითებს. ინფორმაციას გაზეთი “ბათუმელები” ავრცელებს.

პროექტს სახელწოდებით – ,,შიდა სახელმწიფო მნიშვნელობის, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 37+200 კმ-ზე (დაბა ქედის შესასვლელი), დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის აღდგენითი და გზის გაფართოებითი სამუშაოები“, ქედის თვითმმართველობის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან მილიონ 218 000 ლარი იხარჯება.

ქედის მერია პროექტის მეორე ეტაპის გაგრძელებას აპირებს. ნაპირსამაგრი სამუშაოების შედეგად, ახლად ათვისებულ ტერიტორიაზე დაიგეგმება პარკინგისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების კეთილმოწყობა, რაც ორ ძირითად პრობლემას მოაგვარებს: დაცული იქნება ქვეითთა უსაფრთხოება და განიტვირთება დაბა ქედის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია.