ადიგენში, სოფელ არალში სარწყავი მილი, რომელიც 150 ჰექტარს ასარწყავიანებს, მესამე წელია დაზიანებულია. სისტემა სოფელს ათი წლის წინ „ბი–პიმ“ გაუკეთა, ამიტომ ადიგილობრივები დახმარებას მერიასთან ერთად „ბი–პი–საც“ სთხოვენ. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
სოფელ არალში, მცხოვრები ბეჟან კაჭკაჭაშვილი 40 მეასედზე კარტოფილის ნაცვლად მეორე წელია შვრიას და ქერს თესავს. ფართობი, როგორც თავად ამბობს, ბოლო სამი წელია აღარ ირწყვება: „აღარაფერი მოდიოდა და ისეთი რაღაცა დავთესე, რასაც მორწყვა არ უნდა. ფაქტობრივად, კარტოფილს მიწაში გასაფუჭებლად ვყრიდი“.
გასულ წელს, იმის გამო, რომ ნაკვეთს ვეღარ რწყავდა, აღარაფერი დათესა 10 მეასედზე ეთერ აკოფაშვილმაც: „აღარ ირწყვება და აღარც არაფერი მოდის. მანამდე მანდ წელიწადში ოთხი–ხუთი ტონა კარტოფილი მოგვყავდა“.
აკოფაშვილისა და კაჭკაჭაშვილის მსგავსად, სოფელში, მდინარე ქვაბლიანის გასწვრივ, 400–ზე მეტ კომლს დაახლოებით 150 ჰექტარი სახნავ–სათესი ფართობი აქვს. ადგილობრივების თქმით, მილი სამი წლის წინ სტიქიამ დააზიანა: „მაშინ ადიგენში სხვა სოფლებიც დაიტბორა, ქვაბლიანმა ხეები და დახოცილი ღორებიც ჩამოატარა“.
არალში, ე.წ. ყორუღების ტერიტორიაზე 150–მეტრიანი სარწყავი სისტემა „ბი–პის“ დაფინანსებით 2008 წელს, 18 000 ლარად გაკეთდა. სამცხე–ჯავახეთის იმ სოფლებში, სადაც ნავთობსადენი გადის, „ბი–პი“ „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე პროექტებს აფინანსებს. ამ პროექტებს კი სამცხე–ჯავახეთში „რეგიონული განვთარების ასოციაცია“ ახორციელებს. პროექტებს სოფლებში ჩამოყალიბებული სათემო კავშირები ადგენენ და დაფინანსებას ისინი კონკურსის წესით იღებენ.
არალში სათემო კავშირ „თანასწორობის“ თავმჯდომარე გიორგი ფეიქრიშვილი ამბობს, რომ დაზიანებული მილის აღდგენაზე პროექტი დაწერა, რომელშიც 11 ათას ლარს ითხოვდა პრობლემის მოსაგვარებლად. დაფინანსებაზე უარი „რეგინული განვითარების ასოციაციიდან“ სოფელმა 2017 წლის 19 აპრილს მიიღო. წერილში ვკითხულობთ, რომ ბიუჯეტში ასახული თანხა არ ასახავდა რეალურ გასაწევ ხარჯს, ასევე, კონკურსში სულ შესული იყო 15 განაცხადი, რაც კონკურენციის ხარისხს მაღლა სწევდა.
„ადგილზე ვნახეთ ეს დაზიანებული მილები. სამუშაოები წყალში იყო ჩასატარებელი, აქ სჭირდებოდათ ამწეც, ასევე შესასრულებელი იყო სხვა გამაგრებითი ღონისძიებებიც, ამიტომ მხოლოდ 100 მეტრზე მის გაკეთებას 20–ათასზე მეტი დასჭირდებოდა და რეალურად 11 ათასი არაფერში ეყოფოდათ“, – თქვა „რეგიონული განვთარების ასოციაციის“ დირექტორის მოადგილე ლევან გოგიჩაშვილი.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მათ ადიგენის გამგეობასაც მიმართეს, თუმცა გამგეობაში ამბობენ, რომ სოფლის პრობლემის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.