ქუთაისის მერიის მიმართვის შემთხვევაში, შესაძლოა, “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონში ცვლილებები შევიდეს. მსგავსი მიმართვა უკვე განახორციელა თბილისის მერიამ და ჯარიმების გამკაცრება მოითხოვა.
როგორც “ნიუპრესი” წერს, ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ამ საკითხზე მუშაობენ, რის შემდეგაც შემუშავდება დოკუმენტი და განსახილველად პარლამენტს წარედგინება. დასტურის შემთხვევაში, ქუთაისში უკანონო მშენებლობებზე, ნებართვის დარღვევასა და სხვა ტექნიკურ ხარვეზებზე ჯარიმები გამკაცრდება.
ამ დროისთვის, ქუთაისში სამშენებლო ნებართვის დარღვევისთვის ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდეა. იანვარში 15-მდე ობიექტის მეპატრონე დაჯარიმდა და პრობლემების გამოსასწორებლად ერთი თვე მიეცათ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ გასულ კვირაში განაცხადა, რომ “პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ასახული ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ, შრომის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, თბილისს ეხება.
მისი თქმით, სამშენებლო რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე წარმოებულ მშენებლობებზე გავრცელდება. თვითმმართველობებმა კი ამ რეგულაციების შემოსაღებად ინიციატივა თავად უნდა წარადგინონ.