კვლევის მიზანი და ამოცანები
კვლევის მიზანია, შეისწავლოს საქართველოშ იჯანმრთელობის დაცვისა და ზრუნვის სფეროებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების პოლიტიკის, სერვისების მიწოდებისა და დაფინანსების მექანიზმების არსებული პრაქტიკა, წარმოაჩინოს შესაძლო ხარვეზები და მოცემული სერვისების განვითარების შემაფერხებელი გარემოებები, ადვოკატირება გაუწიოს სუბსიდიარობის პრინციპის განვითარებას და წარმოადგინოს პრობლემების გადაწყვეტის შესაძლებლობები და გზები. სუბსიდიარობის მიხედვით, ძალაუფლება განხორციელებული უნდაიყოს მმართველობის იმ დონეზე, რომელიც ყველაზე უფრო ახლოს არის მოქალაქეებთან. წამგებიანია იმ კომპეტენციათა კონცენტრაცია ცენტრალურ ხელისუფლებაში, რომლებიც ადგილობრივ დონეზე უკეთ აღსრულდება.მეორე მხრივ, თუ გარკვეული უფლებამოსილებანი ცენტრალურ დონეზე უფრო ეფექტიანად ხორციელდება, მაშინ ისინი ცენტრალურ ორგანოებს უნდა ეკუთვნოდეს.
სუბსიდიარობის პრინციპი არის გარანტია, რომ საჯარო პოლიტიკა ხელისუფლების ყველა დონეზე იქნება წარმატებული და მის განხორციელებაში მოსახლეობის დიდი მასები მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა, სუბსიდარობის იდეას მეორე მხარეც აქვს. ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობა, რამდენად ეფექტიანად და წარმატებით შეუძლია მას განახორციელოს საკუთარიკომპეტენციები.
კომპეტენციათა სუბსიდიარობა ადგილობრივი თვითმმართველობისგან მოითხოვს კვალიფიციურ მოხელეებსა და ადეკვატურ ფინანსურ უზრუნველყოფას. სუბსიდიარობის პრინციპის დამკვიდრება სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაციით უნდა მოხდეს. ქართული კანონმდებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აძლევს უფლებას, შეიმუშაონ, დააფინანსონ და განახორციელონ ადგილობრივი განვითარების პროგრამები, მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საჯარო საქმეები. ასევე, საქართველოს მთავრობამ ადგილობრივ ორგანოებს გადასცა გარკვეული კომპეტენციები, რომელთა განხორციელებაც ადგილობრივ დონეზეა უპრიანი.
ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს კანონის ფარგლებში აქვთ სრული თავისუფლება, განახორციელონ თავიანთი ინიციატივა ნებისმიერი საკითხის მიმართ, რომელიც არ გამოირიცხება მათი კომპეტენციიდან, ან რომელიც მინიჭებული არა აქვს ხელისუფლების რომელიმე სხვა ორგანოს. ადგილობრივი თვითმმართველობა ნიშნავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლებასა და შესაძლებლობას, კანონის ფარგლებში მოაწესრიგონ და მართონ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილი მათი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.
თვითმმართველობის არსებობა ადგილობრივი დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპია. იგი გულისხმობს მოქალაქის უფლებასა და პასუხისმგებლობას, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რაც უშუალოდ მას და მის საცხოვრებელ არეალს ეხება. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მაქსიმალურად ახლოს უნდა იდგნენ მოსახლეობასთან და იცავდნენ მათ ინტერესებს. თვითმმართველობა ეფექტიანია, როდესაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობენ მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
ცენტრალური ხელისუფლება უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების დაცვას საჯარო მომსახურების იმ სფეროებში, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში შედის. ამ სფეროებში ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობა ერთიანი სტანდარტების შემოღებით შემოიფარგლება. ასეთი სტანდარტების შემოღება და მათი შესრულების კონტროლი არანაირად არ უნდა ზღუდავდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონიერ უფლებებს.
ცენტრალურმა ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოები ამ სტანდარტების მიღწევისათვის საჭირო ფინანსური თუ სხვა სახის რესურსებით. წარმოდგენილი კვლევა ეფუძნება მიმდინარე პერიოდში თვითმმართველი ერთეულების მიერ ჯანმრთელობისა და ზრუნვის სფეროებში განხორციელებული პროგრამების დაფინანსების ანალიზს, ასევე, მათთან ურთიერთკავშირში მყოფი სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ასიგნებების შესწავლასა და მოცემულ სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზისა და, აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტების მოქმედების სამართლებრივი შესაძლებლობების შეფასებას.