დავით უსუფაშვილი: მუნიციპალიტეტების გაერთიანებით სოფლები თვითმართველობას დაშორდა

839

“ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანებამ უკვე გამოკვეთა უარყოფითი მხარეები”,- ასე აფასებს “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი გორისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას. ამის შესახებ ინფორმაციას გორის სათემო რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

დავით უსუფაშვილი, თვლის, რომ მთავრობის ეს ნაბიჯი დიდი შეცდომა იყო, რაც გასულმა ოთხმა თვემ უკვე დაადასტურა. უსუფაშვილი ამბობს, რომ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებამ ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობასთან დააშორა.

“სამწუხაროდ გორში მკაფიოდ იჩენს თავს ამ გაერთიანების შედეგები, ნაცვლად იმისა, რომ გორის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ქალაქ გორთან ერთად შექმნილიყო ხეობისა და კომპაქტური დასახლებების მიხედვით 2-3 მუნიციპალური ცენტრი, მოხდა გაერთიანება და ამის ხარჯზე, ზარალდება ქალაქ გორის გარეთ მცხოვრები მოსახლეობა, სოფლად მცხოვრები ადამიანები, ამის სიგნალებს ჩვენ უფრო ვხედავთ და 6 თვეში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება ეს. ამ პროცესით თვითმართველობა მოქალაქეებს დაშორდა, საბიუჯეტო პრიორიტეტების განსაზღვრისას იქნება დარღვეული სოფლის პრიორიტეტი. ის სიკეთეები რაც თვითმართველობას უნდა მოეტანა დაიკარგა და სახეზე გვაქვს გაერთიანების უარყოფითი შედეგები”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.