საკრებულოს თავმჯდომარეს ყოველთვის მალულად, რამდენიმე საათით ადრე შემოაქვს სხდომის დღის წესრიგი, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ხაბეიშვილის თქმით, საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი ჯერ კიდევ არაა ბოლომდე ჩამოყალიბებული.
„საკრებულოს თავმჯდომარეს ყოველთვის მალულად, ფარულად, რამდენიმე საათით ადრე შემოაქვს ხოლმე დღის წესრიგი. წარმოუდგენელია დეპუტატმა თავისი უფლებამოსილება განახორციელოს იმ პირობებში, როდესაც 23:00 ან 23:30 საათზე შემოდის ბიუჯეტი, დღის წესრიგი. ამ დრომდე ბოლომდე კიდევ ჩამოყალიბებული არ არის დღევანდელი დღის წესრიგი. შესაბამისად ის, რომ ჩვენ რაიმეს მხარს დავუჭერთ ან რაიმეს ნორმალურად შევაფასებთ, ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რადგან “ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს ხელი შეგვიშალოს ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებაში”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს 17:00 საათზე გაიმართება.