შიდა ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

1501

შიდა ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ იოსებ ოქრომელიძემ თანამდებობა დატოვა. გუბერნატორის თქმით, ოქრომელიძე მუშაობას ფინანსთა სამინისტროში განაგრძობს. ინფორმაციას გორის სათემო რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

“მოზაიკის” ცნობით, ეს ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადამინისტრაციაში დაადასტურეს.

გუბერნატორის კახა სამხარაძის თქმით, პრემიერმინისტრის აპარატის რეკომენდაციით, გუბერნატორებს ოთხის ნაცვლად სამი მოადგილე ეყოლებათ. თუმცა “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის” თანახმად, ცნობა იმის შესახებ, რომ გუბერნატორის მეოთხე მოადგილის შტატი გაუქმდა, სიმართლეს არ შეესაბამება. პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ, 2018 წლის 29 იანვარს გამოცემული განკარგულების მიხედვით, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში ოთხი მოადგილის შტატია დამტკიცებული. ეს დადგენილება საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.

კახა სამხარაძემ ოქრომელიძის გათავისუფლების გადაწყვეტილება 19 თებერვლის საღამოს მიიღო. შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს თბილისში, პარლამენტის შენობაში რწმუნებულ-გუბერნატორები პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ და რეგიონებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.