ლაგოდეხში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

731

ევროკავშირის მხარდაჭერით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი იწყება. კონკურსის ფარგლებში გრანტები გაიცემა როგორც კომერციული (არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო), ასევე სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება/რეაბილიტაციის, სოციალური და არაკომერციული მიმართულებებისთვის, როგორებიცაა: ცნობიერების ამაღლება, ადვოკატირება, და ა.შ.

საგრანტო კონკურსის მიზანია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც უპასუხებენ ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებს, ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და  ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

კონკურსში განაცხადის წარდგენა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ლაგოდეხის ტერიტორიზე ახორციელებენ.

კონკურსის პირველ ეტაპზე  მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ საგრანტო იდეები (ინტერესთა გამოხატვა). იდეების მიღების ბოლო ვადა 2018 წლის 20 მარტია.

პროექტი „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“ არის სოფლის განვითარების საპილოტე პროექტის გაგრძელება (მე-2 ფაზა), რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ქეა“-ს მიერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.