2015 წელს რეაბილიტირებული გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, კვლავ სარემონტოა, მაშინ, როცა ბაზის რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან 300 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. ინფორმაციას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ.
უწყების ცნობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება გააფორმა შპს „გილმარი 2-თან“, რომელსაც სამუშაოები 358.9 ათას ლარად უნდა შეესრულებინა.
2017 წლის 28 ივნისს აუდიტის ჯგუფმა, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, ობიექტი დაათვალირა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ შპს „გილმარი-2-ის“ მიერ შესრულებული სამუშაოები უხარისხოა. კერძოდ, დაზიანებულია ფასადი, კედლები, იატაკი და ჭერი. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ბაზა საბოლოო მიღება-ჩაბარებიდან ოთხ თვეში დაზიანდა.
“ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების ზედამხედველი ვალდებულია, შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის შემოწმება განახორციელოს მშენებლობის ყველა ეტაპზე. ამასთანავე, მიმწოდებელს ევალებოდა შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენა. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია სამუშაოთა მოცულობები, ხოლო ხარისხი შესწავლილი არ არის. შესაბამისად, ზედამხედველსა და ექსპერტიზას არ შეუმოწმებია შესრულებული სამუშაოების ხარისხი”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
უწყების ცნობით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ობიექტის საგარანტიო ვადა 5 წელია, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები.
“აუდიტის ჯგუფის მიერ საკითხით დაინტერესების შემდგომ ხარვეზების გამოსწორების მიზნით, მუნიციპლიტეტმა 2-ჯერ მიმართა მიმწოდებელს, რომელმაც სამუშაოები მხოლოდ ნაწილობრივ გამოასწორა. მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებელს სრულად არ განუხორციელებია არსებული დაზიანებების აღმოფხვრა, მუნიციპალიტეტის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს შემდგომი სამართლებრივი ღონისძიებები არ გაუტარებიათ, შენობის ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი დაზიანებების გამოსწორების მიზნით. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ გადახდილია 354.3 ათასი ლარი ისეთ სამუშაოებში, რომელიც დაზიანებულია და საჭიროებს დამატებითი სამუშაოების შესრულებას”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.