ზაქარია ქუცნაშვილი: ერწოელებისათვის მიცემული დაპირება სრულდება

877

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი Facebook-ზე ერწოელებისთვის წინასაარჩევნოდ მიცემულ დაპირებასთან დაკავშირებით წერს. საქმე შეეხება ღულელების, სიმონიანთხევისა და ხევსურთსოფლის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.

“ჩემს მიერ ერწოელებისათვის მიცემული დაპირება შესრულდება. ავაშენებთ ღულელების, სიმონიანთხევისა და ხევსურთსოფლის ადმინისტრაციული ერთეულების ერთმანეთთან დამაკავშირებელ 7კმ-იან ახალ საავტომობილო გზას.
სამწუხაროდ, არასოდეს ყოფილა ამ სამ ადმინისტრაციულ ერთეულს შორის დამაკავშირებელი გზა მოასფალტებული, რის გამოც შემდეგი სოფლების: ხევსურთსოფელი, მელიასხევი, ცალუღელაანთკარი, სიმონიაანთხევი, თოლენჯი, გორანა, ნადოკრა, ბალებისხევის მოქალაქეები ტალახიანი და მტვრიანი გრუნტის გზით სარგებლობდნენ.
ჩვენი ოპოზიციის სკეპტიციზმი და მორიგი ტყუილი არ გამართლდა. ისინი თიანეთის ამ 8 სოფლის მოქალაქეებს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ატყუებდნენ, რომ ეს დაპირება იყო ტყუილი და არ განხორციელდებოდა.
მშენებლობა დაიწყება გაზაფხულზე და ზემოთ აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები და მათი სტუმრები ისევე ისარგებლებენ კომფორტული და უსაფრთხო საავტომობილო გზით, როგორც სარგებლობენ მეზობელი ღულელების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ხუთი სოფლის მოქალაქეები.
პროექტის მშენებლობა განხორციელდება სიმონიაანთხევის ად. ერთეულის მოქალაქეების და მათი ადგილობრივი ლიდერების – კობა ბიჭინაშვილისა და იაგო შერაზადაშვილის თხოვნის საფუძველზე”, – წერს ქუცნაშვილი.