ჩოლოქში მცხოვრებლები გაზიფიცირებას ითხოვენ

1106

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში მცხოვრებლები არჩევნების დროს გაცემული დანაპირების შესრულებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, წლებია ელოდებიან ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

მოსახლეობის თქმით, ბოლო ასეთი დაპირება 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გაიცა. მათი თქმით, ზამთრის სეზონზე პრობლემები აქვთ გათბობასთან დაკავშირებით, რადგან ძვირი უჯდებათ შეშის შეძენა.

ქალაქის მერი მირიან ქათამაძე აცხადებს, რომ თვითმმართველობა აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან და ამ პრობლემის მოგვარება ქათამაძის თქმით, მხოლოდ მუნიციპალიტეტის კომპეტენცია არ არის.

ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაკაიძე საქართველოს პარლამენტში კი განმარტავს, რომ სავარაუდოდ 2018-ში ჩოლოქის დასახლების გაზიფიცირება ვერ მოხერხდება, რადგან კომპანია ,,სოკარ-ჯორჯია გაზი აჭარა” ამ ეტაპზე ქობულეთში გაზიფიცირებას რამდენიმე სოფელში ერთდროულად ახორციელებს. დეპუტატი აცხადებს, რომ ამის მიუხედვად იგი აქტიურად ჩაერთვება აღნიშნული საკითხის მოგვარებაში. ამასთან კობა ნაკაიძე აცხადებს, რომ მთლიანად ქობულეთის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება 2 წელში დასრულდება.