100 დღე არჩევნებიდან – ქუთაისში ენმ-მ თვითმმართველობის მუშაობა შეაჯამა

688

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის 100 დღიანი მუშაობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გიგა შუშანიამ შეაფასა.  ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.

გიგა შუშანიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებიდან 100 დღეზე მეტი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ადგილობრივმა მთავრობამ არაეფექტურად იმუშავა.

“ხელფასებისა და ბიუროკრატიის ზრდა და ამის შედეგად ქართული ოცნების ოთხი წლის განმავლობაში ქუთაისელებს თვითმმართველობის შენახვა 1 888 000 ლარით მეტი დაუჯდება, რაც საკმარისი იქნებოდა ოთხი ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად. გაზრდილი ხელფასები – 328 000 ლარი, ოთხ წელიწადში – 1 312 000 ლარი.

საკრებულოში ხელოვნურად შექმნილი სამი ფრაქციის შენახვა – 144 000, ოთხ წელიწადში – 576 000 ლარი დაუჯდება მოსახკლეობას. დეკემბრის თვეში გაეცა 55 000 ლარის პრემია, რაც საკმარისი იქნებოდა, იმ ქუთაისელებისათვის, ვინც გადაუხდელობის გამო უშუქოდ შეხვდა ახალ წელს, კომუნალური ვაუჩერი გადაცემოდათ და 21–ე საუკუნეში ადამიანური პირობები შეგვექმნა”, – განაცხადა საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლემა, გიგა შუშანიამ.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა მათი ფრაქციის ინიციატივები გაახმოვანა, რომელიც საკრებულოს უმრავლესობას შესთავაზეს.

“100 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი საშუალო და დაბალშემოსავლიანი აბონენტებისთვის. მედიკამენტების 50 ლარიანი ვაუჩერი პენსიონერისათვის. 50 000 ლარი ყველა სკოლას, უსაფრთხოების კამერების შესაძენად და სხვა საჭიროებებისთვის; წარმატებული სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა და პარკირების გადასახადის განახევრება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და მიგვაჩნია, რომ მან საკრებულოს სხდომების გარეთ უნდა გადაინაცვლოს”, – ამბობს გიგა შუშანია.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდა.