UNDP Georgia-ს, რუსთავის მერიისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციების სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით, პოლონეთში მოეწყო გაცვლითი პროგრამა. რამდენიმე პოლონურ ქალაქში რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ გამოცდილებას, თუ როგორ უნდა განაახლონ ქალაქის ინფრასტრუქტურა და როგორ უნდა დაგეგმონ ქალაქის მომავალი განვითარება.
ჯგუფი პოლონეთის სამ პოსტინდუსტრიულ ქალაქს: ლოძს, ლუბლინს და სტალოვა-ვოლა ესტუმრა. ამ ქალაქებში ურბანული განვითარების სპეციალისტებმა რუსთავიდან ჩასულ ჯგუფს ქალაქის სტრატეგიული დაგეგმარების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს; ადგილობრივი მმართველობის ინკლუზიურობასა და გახსნილობაზე ესაუბრნენ. “მოუსმინე მოქალაქეს, როდესაც ქალაქს გეგმავ. მათ გარეშე არაფერი გამოვა”,- ამბობს სტალოვა-ვოლას რევიტალიზაციის ცენტრის თანამშრომელი ანიტა რიბა.
სტალოვა-ვოლა პოლონეთში რუსთავის მსგავსი ქალაქია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა მეტალურგიულ ქარხანაზე დაფუძნებული ტრადიციული წარმოების განვითარება. თანდათან კი საერთაშორისო პარტნიორები და ინვესტიციები მოიზიდა.
პოლონეთის ზემოთხსენებულ სამივე ქალაქში თავისუფალი ეკონომიკური ზონები შეიქმნა, რაც მათი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების ერთ-ერთი გრძელვადიანი საშუალებაა. რუსთავიდან ჩასული ჯგუფი, რომელშიც თვითმმართველობისა და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები შედიოდნენ, საქართველოში უკვე დაბრუნდა და მათ პოლონეთში მიღებული გამოცდილების ქართულ რეალობაზე მორგების შესაძლებლობა აქვთ.