წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს თანხის მითვისების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

822

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინეს და  პასუხისგებაში სამი პირი –  ორი  კომპანიის დირექტორი და სამუშაოების დამკვეთი უწყების წარმომადგენელი მისცეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, მის  მმართველობაში არსებული კომპანიის მიერ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა, ამასთან, გამოიყენა დაბალი ხარისხის მასალა  და ამით,  მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 10 300 ლარი.

მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, რომლის მმართველობაში არსებული კომპანია ქვემო ქართლის რეგიონში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, ობიექტზე სამუშაოს შესრულებისას დაბალი ხარისხის მილების გამოყენებით, 26 000 ლარი მიითვისა.

სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ბრალდებით, პასუხისგებაში ასევე მიეცა სამუშაოების დამკვეთი,  ქვემო ქართლის რეგიონის ერთ – ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, რომელსაც სამუშაოების  მიმდინარეობაზე ზედამხედველობა  ევალებოდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე, 180-ე მუხლის მესამე  და 342-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  7-დან 11 წლამდე ვადით.

ამ ეტაპზე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.