ახალციხეში რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს

582

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ახალციხეში 8 ქუჩის მოასფალტების საქმეზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს. მათ შორის სამთან საპროცესო გაფორმდა, ერთის საქმე კი სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

პასუხისგებაში მისცეს: ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილი სპეციალისტები: გია ქასრაშვილი და რევაზ მერაბიშვილი, ასევე, შპს „მესხეთ ავტოგზას“ დირექტორი თამაზ პეტაშვილი და შპს „რენესანსი 77-ის“ ყოფილი თანამშრომელი ნოდარ ბალახაშვილი.

საქმე ეხება 2013 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც ოთარ თათეშვილის კომპანია შპს „არალმა“ ჩაატარა.სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მაშინ თათეშვილმა 130 000 ლარი მიითვისა.

აღნიშნულ ქუჩებზე სამშენებლო სამუშაოებს შპს „არალის“ ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „მესხეთ ავტოგზა“ ასრულებდა. საქმის მასალების მიხედვით, ქუჩებზე ნაკლები მოცულობისა და სისქის ასფალტი დაიგო, ფორმა ორში კი, ანუ დოკუმენტში რომელიც შესრულებულ სამუშაობს ასახავს, გაზრდილი მოცულობები იქნა შეტანილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რვა ქუჩის მოასფალტების პროექტზე შედგენილ ფორმა ორს ხელი ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილმა თანამშრომლებმა გია ქასრაშვილმა და რეზო მერაბიშვილმა მოაწერეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 342–ე მუხლით ედებათ, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს და ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ითვალისწინებს.

ქასრაშვილთან და მერაბიშვილთან საპროცესო გარიგება ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2000–2000 ლარზე და ასევე თითო წლით პირობით სასჯელზე დაამტკიცა.

რაც შეეხება ნოდარ ბალახაშვილს, იგი 2013 წელს შპს „რენესანსი 77-ში“ მუშაობდა. აღნიშნული ქუჩების პროექტი კი სწორედ ამ კომპანიამ შეადგინა. მან დახაზული პროექტი ხარჯთაღიცხვაში სხვაგვარად ასახა, როგორც თავად „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, შეცდომა მოუვიდა.  ბალახაშვილი პასუხისგებაში სისხლის სამართლის კოდექსის 220–ე პრიმა მუხლით მისცეს, რაც გულგრილობას გულისხმობს.

მომხდარი ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ბალახაშვილმა, ისევე როგორც ქასრაშვილმა და მერაბიშვილმა ბრალი აღიარა. მას ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საპროცესო გარიგება დაუმტიცა. მსჯავრდებულს ჯარიმა 2 000 ლარი შეეფარდა.

თამაზ პეტაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საპროცესო გარიგება შესთავაზეს, თუმცა უარს აცხადებს.