ახალციხის ნაზამთრალ გზებს ისევ ორმოულად შეაკეთებენ

1160

ზამთრის სეზონის შემდეგ, ახალციხეში გზის საფარი ფუჭდება, ქუჩებში ორმოები ჩნდება და ავტომანქანით გადაადგილება სახიფათო ხდება. გზებზე ორმოების გაჩენას, თოვლს, ტექნიკურ მარილსა და ყინვებს უკავშირებენ.

“სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, ყოველ წელს, როგორც კი თოვლი დნობას იწყებს, გზების შეკეთებაზე პასუხისმგებელი კომპანია ორმოების ამოჭრა–გასუფთავებასა და ამოვსებას იწყებს. დროებით შეკეთებული გზები კი მალე ზიანდება.

2018 წელს ქალაქ ახალციხის გზების მოვლა–პატრონობა შპს „დავითს“ ევალება. კომპანიამ გზების შეკეთება უკვე დაიწყო, ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებით ავარიულ მონაკვეთებში ორმოები ამოჭრეს, რამაც გზა უფრო სახიფათო გახადა.  „დაზიანებულ ადგილებს პერიოდულად ამოვჭრით და ასფალტს ჩავყრით. მერია რის გაკეთებასაც დაგვავალებს, იმას შევასრულებთ“, – ამბობს შპს–ს ხელმძღვანელი დავით კეღოშვილი.

შპს „დავითს“ გზების მოვლა–პატრონობაზე ტენდერი, რომელიც მერიამ 2017 წლის დეკემბერში გამოაცახადა, 63 541 ლარით მოიგო. კომპანიასთან ხელშეკრულება 3 იანვარს გაფორმდა და მისი მოქმედების ვადა სამი თვეა.