ასპინძაში სასპორტო სკოლა ა(ა)იპ–ად გადააკეთეს

670

ასპინძის მუნიციპალიტეტმა სასპორტო სკოლას ა(ა)იპ–ის სტატუსი მიანიჭა. მან ფუქნციონირება 1 თებერვლიდან დაიწყო. ამ ეტაპზე მისი ბიუჯეტი არ გაზრდილა, მაგრამ ა(ა)იპ–ების რაოდენობა იურისტებში მაინც კითხვის ნიშნებს აჩენს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „სასპორტო გაერთიანების“ შექმნით, ასპინძაში არაკომერციული, არამოგებიანი იურიდიული პირების (ა(ა)იპ–ი) რაოდენობა ათამდე გაიზარდა.

ასპინძის მერიის ინფორმაციით, ახალ ა(ა)იპ–ში იმდენივე თანამშრომელია, რამდენიც სასპორტო სკოლაში იყო – 20. არც ხელმძღვანელი შეცვლილა და მას სპორტსკოლის ყოფილი უფროსი ლევან მაზმიშვილი უხელმძღვანელებს.

„მხოლოდ დირექტორი დაენიშნა, ბიუჯეტი და თანამშრომლთა რაოდენობა იგივე დარჩა“, – აცხადებს ასპინძის მერის მოადგილე ლევან ბერიძე. მერიაში ცვლილებას დაწესებულებისთვის სტატუსის ქონის აუცილებლობით ხსნიან. ა(ა)იპ–ის დირექტორი კი ამბობს, რომ სასპორტო სკოლაში სხვადასხვა კლუბები იყო და ახლა საშუალება აქვთ გააერთიანონ.

2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, სასპორტო სკოლისთვის 126 000 ლარი იყო გათვალისწიებული. მერიაში ამბობენ, იგივე თანხა დარჩება ა(ა)იპ–ად გადაკეთების შემდეგაც. გასულ, 2017 წელს კი სასპორტო სკოლას დაფინანსება 140 000 ლარი ჰქონდა.  უცნობია ამ თანხიდან რამდენი დაიხარჯება ხელფასებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ახალ ა(ა)იპ–ს ამ ეტაპზე არც დაფინანსება მომატებია და არც თანამშრომლები, ასპინძის ყოფილი გამგებელი ლევან ცაბაძე ამბობს, რომ ამ ააიპ–ის შექმნის საჭიროება არ იდგა: „ეს ყველაფერი ძველი კადრების გაშვებას და თავიანთი კადრების დამატებას ემსახურება. ჩემს პერიოდში იყო სპორტსკოლა, სადაც არაერთი სპორტის სახეობა იყო გაერთიანებული, ადმინისტრაცია არ ჰქონდა და კულტურისა და სპორტის სამსახური აკონტროლებდა. ახლა დირექტორი და ადმინისტრაცია დაუნიშნეს, რაც თავისთავად ზედმეტ ხარჯებს გულისხმობს“.