კახეთის მუნიციპალიტეტებში რეორგანიზაციის გამო თანამშრომლებს სამსახურიდან ათავისუფლებენ

713

კახეთის მუნიციპალიტეტებში რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომლების სამსახურებიდან გაშვების შესახებ ინფორმაციას knews.ge ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სამი ა(ა)იპ – “ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის განვითარების ცენტრი”, “კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი” და “მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი” გაერთიანდა. სამი საბიუჯეტო ორგანიზაციის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა კულტურის, სპორტისა და ახალგზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი. სამ ა(ა)იპ-ში დასაქმებული 181 ადამიანი კი 3 თებერვალს სამსახურის გარეშე დარჩა.

ლაგოდეხის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ნათია დათუკიშვილი ამბობს, რომ თანამშრომლები შესაძლო გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე იყვნენ ინფორმირებულები.

ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, რომ ორგანიზაციაში თანამშრომლები ღია კონკურსის წესით შეირჩევიან, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება. ლევან ქაჯაია ვერ აკონკრეტებს, რამდენი თანამშრომელი დასაქმდება ახალ ა(ა)იპ-ში.

ა(ა)იპ-ების რეორგანიზაცია არ დასრულებულა არც სხვა მუნიციპალიტეტებში. ორი თვითმმართველი ერთეულის, ქალაქ თელავისა და თემის გაერთიანების შემდეგ ერთი და იმავე ფუნქციის მქონე 8 საბიუჯეტო ორგანიზაცია გაერთიანდა, რომლის შედეგადაც 4 ა(ა)იპ ჩამოყალიბდა, თუმცა, თანამშრომლების რაოდენობა და ვინაობა ჯერ ცნობილი არ არის.

“რეორგანიზაციის პროცესის შედეგად გაერთიანდა ქალაქისა და თემის სასპორტო გაერთიანება, კულტურის ცენტრი, საბიბლიოთეკო გაერთიანება და ბაგა-ბაღების გაერთიანება. ბუნებრივია თანამშრომლები შემცირდებიან, რადგან თანამდებობების დუბლირებაა, მაგრამ ამ ეტპაზე ეს პროცესი დასრულებული არ არის“,  თქვა თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების რეორგანიზაციის პროცესი კი ისევ მიმდინარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც. ყვარელში კი ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა. მერიაში ამბობენ, რომ აიპიების რეორგანიზაციას უახლოეს მომავალში დაიწყებენ. დანარჩენ თვითმმართველ ერთეულებში კი საბიუჯეტო ორგანიზაციების ოპტიმიზაციას არ გეგმავენ.